მზად ვართ, შევხვდეთ რიონის ხეობის მცველებს. ბევრ რამეში არ არიან ბოლომდე გარკვეულები - თურნავა

პუბლიკა

„ვწუხვარ ამის გამო. ალბათ მანამდე უნდა ყოფილიყო კომუნიკაცია, რომ ჩვენ პრობლემა არ გვაქვს, რომ გავხსნათ შეხვედრა”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ნამახვანჰესთან დაკავშირებით ცაგერში შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„მაგრამ პირობას გაძლევთ მეც და ბატონი ლევან დავითაშვილიც, რომ მზად ვართ, რომ რიონის მცველებს, როგორც ერთ-ერთ აქტიურ ჯგუფს, ვინც შეკითხვებს სვამს, შევხვდეთ მათთვის მისაღებ ნებისმიერ ფორმატში, საჯაროდ და ყველა კითხვაზე, იმედი გვაქვს, რომ პასუხს გავცემთ. იმიტომ, რომ ეს ადამიანები, რა თქმა უნდა, გულწრფელად გამოხატავენ პროტესტს. ჩვენ ვთვლით, რომ ბევრ რამეში არ არიან ბოლომდე გარკვეულები, აუცილებელია დიალოგი, აუცილებელია შეხვედრა, აუცილებელია განმარტება და მე ვფიქრობ, რომ როცა ადამიანები გულწრფელად გამოხატავენ პოზიციას, და არ არიან ანგაჟირებულები პოლიტიკურად, არ აქვთ ნეგატიური დღის წესრიგი, და მე მჯერა, რომ სწორედ ასეთი ადამიანები არიან რიონის მცველები, და ვინც იქ გამოხატავს პროტესტს, ყოველთვის გამოინახება კონსტრუქციული პლატფორმა შეთანხმებისთვის”, – განაცხადა თურნავამ.

როგორც „პუბლიკასთან” საუბრისას ადგილობრივი აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი ამბობს, შეხვედრის დახურული ფორმატის გამო რიონის ხეობის მცველებმა მასში მონაწილეობა არ მიიღეს.

თავდაპირველად ცნობილი იყო, რომ შეხვედრა დახურულ ფორმატში უნდა გამართულიყო. თუმცა შეხვედრის დაწყებამდე თურნავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ  – „აი ახლა გავხსენით თქვენთან საუბარში. ასე, რომ პრობლემა არ გაქვთ”.

„ჩვენ როცა შევთავაზეთ ეს, რომ LIVE ჩაგვერთო და მედიაც იქ ყოფილიყო, უარი თქვეს ამაზე, ამიტომ მიგვაჩნია, რომ ასეთი ტიპის შეხვედრაში მონაწილეობა არ მივიღოთ… ჩვენი ხეობიდან, ვინც კარვებში ვართ და ის ხალხი, ვინც ჩვენ გვისმენს და ერთ აზრზე ვდგავართ, ეს ხალხი იქ არ წავა”, – ამბობდა გოლეთიანი.

მისი თქმით, მთელი ამ ხნის განმავლობაში მათი მოთხოვნაა, რომ ჰესთან დაკავშირებულ განხილვებში ყველა დაინტერესებული მხარე და დარგის ექსპერტები ჩაერთონ. მათივე თქმით, შეხვედრასა და დისკუსიას აზრი მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება. მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრას ფორმალური მიზანი აქვს.

„ექსპერტებთან ერთად ამ საკითხის განხილვა არის გრძელვადიანი პროცესი. ასეთ ფორსმაჟორულ სიტუაციაში ამისი დაგეგმვა არც ღირს, იმიტომ, რომ ასე – შეხვდი ერთ დღეს და ილაპარაკო ყველა მიმართულებით, უბრალოდ არასერიოზული მიდგომაა საკითხის მიმართ. აქ, აუცილებლად, უნდა დაიყოს თემები და ყველა თემაზე რამდენიმე დღის წესრიგი უნდა შედგეს, გაიწეროს და მერე ამის მერე ჩატარდება შეხვედრები ყველა სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით – ნორმალურ, წყნარ, მშვიდ გარემოში, როდესაც ორივე მხრიდან იქნება ჩართულობა და ამას მედია დააკვირდება, გააშუქებს. ჩვენც ვიქნებით ამ პროცესში ჩართული ის ხალხი, ვინც კარვებში ვართ და ეს არის ის ფორმატი, რასაც ჩვენ ვითხოვდით”, – განაცხადა გოლეთიანმა.