მზად ვართ თითოეული მაღაროელისა და მუშა-მოსამსახურის ხელფასის 250 ლარით მომატებისთვის - ჯორჯიან მანგანეზი

პუბლიკა

„ჯორჯიან მანგანეზი“ ეხმაურება ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვას. კომპანია აცხადებს, რომ მზად არიან თითოეული მაღაროელისა და მუშა-მოსამსახურის ხელფასის 250 ლარით მატებაზე. გთავაზობთ განცხადებას:

„ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე კომპანიის მიერ მუშაობა ანაზღაურების შესაძლო მატებაზე ჯერ კიდევ ახალი წლიდან მიმდინარეობს. ამას მოწმობს, ე.წ. ვახტურ რეჟიმზე მომუშავე ხელმძღვანელობით პირებთან გამართული არაერთი შეხვედრა და განხილვა.

უფრო მეტიც, პროფკავშირებისგან 2021 წლის 01 აპრილის წერილის საპასუხოდ კომპანიას უკვე შემუშავებული ჰქონდა რამდენიმე შესაძლო გადაწყვეტა. აღნიშნულის განხილვა სწორედ შეთანხმების პროცედურების ფარგლებში მოხდა. მიუხედავად ამისა, მეორე მხარის განწყობის გათვალისწინებით მოლაპარაკებები ფაქტობრივად ჩიხში მოქცევის პირასაა.

ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია ორიენტირებულია დავის მოლაპარაკების რეჟიმში დასრულებასა და კონსენსუსის მიღწევაზე, კომპანია ნომერ პირველ პრიორიტეტად განსაზღრავს რა მის დასაქმებულებს, პროფკავშირებთან წარმოებული არაერთი შეხვედრის და ინტენსიური მოლაპარაკების საფუძველზე, მზად ვართ მივიღოთ უპრეცედენტო გადაწყვეტილება.

კერძოდ, პროფკავშირებთან მოლაპარაკების შედეგად, შევთანხმდით, თითოეული მაღაროელის და მუშა-მოსამსახურის ანაზღაურების 250 ლარით მატებაზე. ამის ხარჯზე კომპანიის და მასთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციების მიერ ჩერდება ყველა ის არაპროფილური აქტივობა თუ სოციალური პროექტი, რომელიც ხორციელდებოდა სხვადასხვა ბენეფიციარის სასარგებლოდ.

ხაზგასასმელია, რომ აღნიშნულ შეთავაზებას კომპანია აფასებს, როგორც ანაზღაურების ერთიანად მატების უპრეცედენტო შემთხვევას, რომელზეც კომპანია პროფკავშირების აქტიური ჩართულობითა და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით მიდის.

აქვე, კომპანიის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე მიმდინარე პროცესში მონაწილე თითოეულ პირს მოვუწოდებთ, რომ იმოქმედონ კანონისა და საქმიანობის სპეციფიკით განსაზღვრულ ჩარჩოებში”, – ნათქვამია განცხადებაში.


ჭიათურაში მაღაროელები გაიფიცნენ, მოითხოვენ ხელფასების 50%-ით მომატებას, – „პუბლიკას” ამის შესახებ გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენელმა თამაზ დოლაბერიძემ განუცხადა.

დოლაბერიძის თქმით, წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში კომპანიასთან მოპალარაკებები მიმდინარეობდა. იყო წინადადება მათგან, რომ 250 ლარით გაიზრდებოდა თითოეული დასაქმებულის ხელფასი, თუმცა როგორც დოლაბერიძე ამბობს, ეს შეთავაზება მათთვის დამაკმაყოფილებელი არაა და გაფიცვა გრძელდება.