მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ საქმეზე სამართალდამრღვევად ცნეს და 2000 ლარით დააჯარიმეს.
გადაწყვეტილება მოსამართლე სალიხ შაინიძემ გამოაცხადა. მან „ბათუმელების“ დამფუძნებელი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში ცნო სამართალდამრღვევად (173-ეს პირველი ნაწილი).
გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური და საპროტესტო შეძახილები მოჰყვა.
შსს მზია ამაღლობელს 11 იანვარს აქციაზე პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებოდა და წარმოება 173-ე მუხლით იყო დაწყებული.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმის განხილვა 13 მარტს განახლდა. მოსამართლე სალიხ შაინიძემ სხდომაზე გამოიკითხა მოწმეები და განიხილა მტკიცებულებები.
სხდომის დასაწყისში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა თქვა, რომ 11 იანვარს აქციაზე მზია ამაღლობელი პოლიციას აყენებდა შეურაცხყოფას. მას ქმედების შეწყვეტისკენ მოუწოდეს, რასაც არ დაემორჩილა და პოლიციას გაუწია წინააღმდეგობა.
მზია ამაღლობელმა, რომელიც სხდომას დისტანციურად ესწრება, განაცხადა, რომ მისი საქმე და დაკავების ოქმი გაყალბებულია:
„საქმე, რომელსაც განიხილავთ, გაყალბებულია. ოქმიც არის გაყალბებული. ამ საქმეში რეალობა არის მხოლოდ ის, რომ სტიკერი ნამდვილად გავაკარი, სრულიად გააზრებულად. ეს იყო იმ უკანონო დაკავებებზე პროტესტის გამოხატვა, რომელიც 11 იანვარს განხორციელდა.
[…] კანონსაწინააღმდეგო მოქმედებები არ ჩამიდენია და არც მოწოდებები ყოფილა… ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ პოლიციის თანამშრომლებს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფასო, ესეც სიცრუეა. ძალიან ბევრი კამერა მუშაობდა და უბრალოდ ვერ ნახავენ კადრს ან ადამიანს, რომ ამ სიტყვებს ვიყენებდე მე, გარდა იმისა, რომ არც დახურულ სივრცეში და არც საჯაროდ სიტყვიერი შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია… კარგი იქნება, თუ სასამართლო მე და ჩემს ადვოკატებს მოგვცემს უფლებას, ჩემი უკანონო დაკავება დავამტკიცოთ“,– თქვა მან.
ადვოკატები ადმინისტრაციული საქმის შეწყვეტას მოითხოვდნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ მზია ამაღლობელის დაკავების ოქმი გაყალბებულია, რადგან ის არა პოლიციელის შეურაცხყოფის, არამედ შენობაზე სტიკერის მიკვრის გამო დააკავეს და ამას ადასტურებს ვიდეო, რომელშიც, ჩანს როგორც, ამაღლობელის ქმედება, ასევე ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ნათქვამი, რომ ამაღლობელი ასკ-ის 150-ე მუხლის დარღვევისთვისაა დაკავებული.
ადვოკატები აცხადებდნენ, რომ 150-ე მუხლით დაკავების საფუძველი არ არსებობს. სწორედ ამიტომ ჩაიწერა ოქმში 173-ე მუხლი, რომლითაც მზია ამაღლობელის დაკავების საფუძველი შეიქმნა. ადვოკატები ხაზს უსვამდნენ, რომ მზია ამაღლობელს სამართალდამცველებისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია, არც წინააღმდეგობა გაუწევია და ეს დასტურდება ამაღლობელის დაკავების ამსახველი ვიდეოებითაც.
ვრცლად – რა თქვეს მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეზე მოწმე პოლიციელებმა .
სხდომაზე მოსამართლე სალიხ შაინიძემ არ დააკმაყოფილა აჭარის პოლიციის ხელმძღვანელის, გრიგოლ ბესელიასა და ბათუმის პოლიციის ხელმძღვანელის, ირაკლი დგებუაძის გამოკითხვის მოთხოვნა, თუმცა დადასტურებულად მიიჩნია დაცვის მხარის არგუმენტაცია საქმეში მათი მონაწილეობის შესახებ.
„სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ სტიკერის გაკვრის [დროს] ბესელიამ ხელი მოჰკიდა და მზია ამაღლობელს არ გაუწევია წინააღმდეგობა და შეჰყვა მას პოლიციის ეზოში თუ შენობაში; და მეორე ჩანაწერია, სადაც ირაკლი დგებუაძე ამბობს, რომ 150-ე მუხლით დავაკავეთო. ეს ორი ფაქტი დადასტურებულად მიმაჩნია, აქედან გამომდინარე, სასამართლო უარს გეუბნებათ მათ დაკითხვაზე, იმიტომ, რომ დადასტურებულად მიმაჩნია ვიდეოჩანაწერებით […] ვიდეოჩანაწერებში ვერ დავინახე მზიას მხრიდან პოლიციელების შეურაცხყოფის ფაქტი, გვყავს მოწმის სახით [გოჩა] ვანაძე დაკითხული და ორი პოლიციელი, რომლებიც ამაზე მიუთითებენ მათზე გადაცემული ინფორმაციის საფუძველზე. დაცვის მხარის არაერთი მოწმე მიუთითებს, რომ მზია ამაღლობელს შეურაცხყოფა პოლიციისთვის არ მიუყენებია“, – განაცხადა მოსამართლემ.