მზია ამაღლობელი კლინიკა „ვივამედში" კვლევებზე გადაიყვანეს, მას ამაღამ კლინიკაში დატოვებენ

პუბლიკა

„ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, რომელიც 24-ე დღეა, ციხეში შიმშილობს, კლინიკა „ვივამედში” გადაიყვანეს.

ამის შესახებ ინფორმაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გაავრცელა.

„უკანონო პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელი საჭირო კვლევებისთვის კლინიკაში გადაიყვანეს. ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს დატოვებენ მას კლინიკაში“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ვივამედის” კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ „პუბლიკას“ უთხრა, რომ  პაციენტი ამაღამ კლინიკაში დარჩება.

 „ვერ გეტყვით რამდენ ხანს გაჩერდება [კლინიკაში], უტარდება მკურნალობა, შეფასდება კიდევ ხვალ დღის განმავლობაში მდგომარეობა, თუ საჭიროა გადამეორდება გარკვეული კვლევები და ამის შემდეგ გადაწყდება ხანგრძლივობა და შემდგომი მკურნალობის ტაქტიკაც“,- ამბობს ჩხაიძე.

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაპატიმრებული ჟურნალისტი, „ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი უკვე 24-ე დღეა, საპატიმროში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.