გუშინ, 9 სექტემბერს, „ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში ბრიფინგი გამართა, სადაც მზია ამაღლობელთან დაკავშირებით განაცხადა, რომ როგორც განაჩენის ნაწილში, ისე საერთაშორისო შეფასების თვალსაზრისით. „აღარავინ მსოფლიოში არ ამბობს, რომ მზია ამაღლობელი არის უდანაშაულო“
მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილს წერილით პასუხობს, რომელსაც გამოცემა „ნეტგაზეთი” აქვეყნებს.
„გუშინდელი ბრიფინგი პარლამენტში უსინდისობის დემონსტრირება იყო და სხვა არაფერი. რეჟიმს მორალი არ აქვს – იმ უსამართლო განაჩენზეც კი არ უნდათ პასუხისმგებლობის აღება, რითაც ციხეში გამოგვკეტეს საქართველოს სახელით და საზოგადოებისთვის საშიში პირებად, კრიმინალებად გამომაცხადეს.
ხელს ბრიუსელისკენ და ევროპელი დიპლომატებისკენ იშვერენ. გრცხვენოდეთ.
მოძალადეს ბოდიში რომ არ უნდა მოვუხადო და რეჟიმს შეწყალება არ უნდა მოვთხოვო, ამისთვის რეკომენდაციები არ მჭირდება – ღირსების განცდაც საკმარისია.
ჩემი საკანი სავსეა გაყალბებული ოქმებით, ცრუ მოწმეების ჩვენებებით, უკანონო ბრალდებებით და სასამართლო გადაწყვეტილებებით, პატიმრობა და დამცირებისთვის ორი წელი საკმარისი თუ არ არის, არ გაგიჭირდებათ, ამჯერადაც რამეს მოიფიქრებთ თუ მოინდომებთ ციხეში ჩემს ჩატოვებას.
ძალაუფლება და სახელმწიფო ინსტიტუციები თქვენ ხელშია.
მე კი საერთაშორისო მართლმსაჯულებას დაველოდები, იმ დღეს დაველოდები, როცა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ჩემგან გაწნული სილის ბრალდებისა და სასჯელის კანონიერებაზე იმსჯელებს.
თქვენც დაელოდეთ ბატონო პაპუაშვილი თქვენ მიერ მიღებული რეპრესიული, რუსული კანონების სამართლიანობასა და მართლზომიერებაზე, კონსტიტუციასა და დემოკრატიულ პროცესებთან შესაბამისობაზეც იმსჯელებს ევროსასამართლო“.
9 სექტემბერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ გააკეთა „ბათუმელების“ დაპატიმრებული დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის, ასევე ევროპული ქვეყნების ელჩების მადისკრედიტირებელი განცხადება.
პაპუაშვილმა თქვა, რომ მზია ამაღლობელი „იმ ელჩების უსინდისობის პატიმარია, ვინც სასამართლოზე დაუჯდა და თვალებში უყურებდა და ანიშნებდა, არ აღიარო დანაშაულიო“. პარლამენტის თავმჯდომარე ასევე ირწმუნება, რომ მზია ამაღლობელი „ციხეში დარჩენისთვის ევროპარლამენტისგან იღებს პრემიებს“.
დამოუკიდებელი მედია „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს 2-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.
მზია 2025 წლის 12 იანვარს დააპატიმრეს. წინა საღამოს, 11 იანვარს დაწყებულ აქციაზე ის ორჯერ დააკავეს – თავდაპირველად 11 იანვრის ღამეს, კედელზე პლაკატის გაკვრის გამო. მოგვიანებით ის გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოულოდნელად ჩოჩქოლი ატყდა და მზია ამაღლობელი მეორედაც დააკავეს, უკვე 12 იანვარს, 2 სხვა პირთან ერთად. ამაღლობელმა აჭარის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა. შალვა პაპუაშვილი სილის გაწვნას „პოლიციელზე ძალადობრივ თავდასხმას“ უწოდებს მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლემ თავდაპირველად წარდგენილი ბრალი გადააკვალიფიცირა და მზია დამნაშავედ ცნო არა პოლიციელზე თავდასხმის, არამედ საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობის მუხლით.
არაერთმა საერთაშორისო და ადგილობრივმა ორგანიზაციამ დაგმო მზიას პატიმრობა და მოითხოვა მისი გათავისუფლება. ის პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევა.
მზიამ მიიღო არაერთი საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის, სახაროვის პრემია.