„მზიურის პარკს“ დაუბრუნდა 18 000-მდე კვ.მ.-ის ფართობი, რომელიც გასხვისებული იყო - კალაძე

პუბლიკა

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „მზიურის პარკს“ 18 000 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი დაუბრუნდა, რომელიც გასხვისებული იყო.

„ჩვენ აქამდე ვერ მოვახერხეთ სრულად მზიურის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება, რადგან პარკის გარკვეული ტერიტორია იყო კერძო საკუთრებაში. ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა მოლაპარაკებები კერძო მესაკუთრესთან და დღევანდელი გადაწყვეტილება მინდა, გავაცნო თბილისელებს.

პირველ რიგში მინდა, მივულოცო ყველა ახალგაზრდას, ვინც მზიურის პარკით სარგებლობს, რომ მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა აღნიშნული მიწა, რომლის ფართობიც დაახლოებით 18 000 კვადრატული მეტრია. დღეს ეს მონაკვეთი არის ცუდ მდგომარეობაში, რადგან შეუძლებელი იყო გარკვეული სამუშაოების წარმოება. კერძო მესაკუთრესთან მოლაპარაკებების შედეგად, გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ამ სივრცის ადგილმონაცვლეობა მოხდება. მთავრობაზე ეს საკითხი უკვე გავიტანეთ, შემდეგ ის გადაეგზავნება საკრებულოს და გადაწყვეტილება იქნება მიღებული“,- განაცხადა კალაძემ.

კალაძის ბრიფინგის დასრულების შემდგომ, ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ.

მისი თქმით, მესაკუთრეს მზიურის ტერიტორიის ნაცვლად, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია გადაეცა.

 „ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილმონაცვლეობა, რომელიც ჰქონდა ბოლო წლების განმავლობაში ყოფილა. ერთხელ კუს ტბის ასახვევში მიწის ნაკვეთი მოვანაცვლეთ, ერთხელ მოხდა იპოდრომის მიმდებარედ კორტების ტერიტორიის მონაცვლება და იქ ახლა პროექტი ხორციელდება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის მზიურის მიმდებარედ 18 ათასამდე კვადრატული მეტრი მიწის ფართობის მონაცვლეობა.

მესაკუთრეებთან ბოლო პერიოდში გვქონდა მოლაპარაკებები, მონაცვლეობაზე წინააღმდეგობა არ ყოფილა, იციან, რომ იქ ვერ მოხდებოდა კომერციული ობიექტების განთავსება. მიხარია, რომ მოხდა შეთანხმება და კომპანიას გადაეცემა ალტერნატიული ფართი, რომელიც მდებარეობს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე. იქ შესაძლებელი იქნება ერთბინიანი კერძო დასახლების გაშენება, ტერიტორია 14 ჰექტარია“, – განაცხადა ხმალაძემ.