„ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც ჩანს, უნდა 2012 წლამდე ვითარების დაბრუნება - ბოკერია სააკაშვილზე

პუბლიკა

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილმა უკვე შეაფასა „ძალა ერთობაშიას“ მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელების შესახებ.

ოპოზიციონერები ამბობენ, რომ საქართველოში პოლიტიკური დევნილები არ უნდა არსებობდნენ, თუმცა სააკაშვილის კანდიდატად დასახელება ისევ ხელისუფლების სასარგებლო გადაწყვეტილებაა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“, როგორც ჩანს, დღევანდელი ნაბიჯითაც დადასტურა, და არამარტო ამით, რომ უნდა 2012 წლამდე ვითარების დაბრუნება. „ევროპულ საქართველოს” და ჩვენს ქვეყანას სჭირდება ცვლილებები და წინსვლა“, – ამბობს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია, რომელიც ამატებს, რომ ივანიშვილის პროპაგანდის თემა ჯერ დაბრუნების საკითხი იყო, ახლა კიდევ სააკაშვილის კანდიდატურა გახდება.

„ივანიშვილის პროპაგანდას ჯერ ერთი ჰქონდა სათამაშო, ე.ი. სააკაშვილის დაბრუნების საკითხი – რომ დაბრუნდება, რას უზამენ… არანორმალური კონტექსტი ჩვენი ქვეყნისთვის, მომავლისთვის არაფრისმომცემი. ახლა ხელახლა დადგება მისი პრემიერობის საკითხი. ივანიშვილსა და გარემოცვას სურს დღევანდელი ვითარების, ამ ჩიხის, ამ კატასტროფის შენარჩუნება, რომ ჰქონდეს სრული ძალაუფლება“, – ამბობს გიგა ბოკერია.

პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ სააკაშვილის საკითხი პოლიტიკაში პოლარიზაციას იწვევს, რაც მხოლოდ ორ პარტიას აძლევს ხელს.

„სააკაშვილს მომხრეები ჰყავს, მაგრამ ასევე ჰყავს ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე და ეს მოწინააღმდეგეები უკვე პოლარიზაციის მსხვერპლი ხდებიან. პოლარიზაცია აწყობს „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“, უფრო ბიძინა ივანიშვილს, ვიდრე ენმ-ს და ვწუხვარ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს გზა აირჩია“, – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ასევე სააკაშვილის მოქალაქეობის საკითხსაც უსვამს ხაზს და აცხადებს, რომ არამოქალაქე პირს კანდიდატად თავის წარდგენის უფლება არ აქვს. ბურჯანაძე იმედს გამოთქვამს, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობას არ დაუბრუნებს.

„მე არ მჯერა სააკაშვილის ჩამოსვლის“, – ამბობს ბურჯანაძე.

ასევე ორპოლუსიანობის ნაწილად მიიჩნევს სააკაშვილის პეროსნის განხილვას „ლელოს“ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან კობერიძე.

„პოლიტიკური სპექტაკლი, რომელსაც კვლავ გვთავაზობს ეს ორი პარტია და მთავარი გამოწვევა მოსახლეობის, პოლიტიკური სპექტრის, ამ არჩევნების არის ამ ორპოლუსიანობის გარღვევა“, – აცხადებს კობერიძე.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, რომელმაც უკვე წარადგინა თავი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად, ამბობს, რომ როცა ის მთავრობის ხელმძღვანელი გახდება, ყველას ექნება აღმშენებლობის პროცესში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.

„მე რომ პრემიერ-მინისტრი გავხდები და დავიწყებთ სიღარიბის დამარცხებას, ყველას ექნება შესაძლებლობა, მიიღოს აღმშენებლობის პროცესში მონაწილეობა. მასაც [სააკაშვილს] ექნება შესაძლებლობა ჩამოვიდეს, თუ სურვილი ექნება, არავის პრობლემას არ შევუქმნი“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ეკა ბესელიას შეფასებით, 2020 წლის არჩევნებმა უნდა მოიტანოს სიახლე და არ უნდა დავბრუნდეთ წარსულში.

„გვაქვს ნანახი პერიოდი, როდესაც სააკაშვილი იყო ქვეყანაში პირველი პირი, ამიტომ მე არ მგონია და არც ვფიქრობ, რომ ეს იქნება პოლიტიკური კონსესუსის ნაწილი“, – ამბობს ბესელია.

რაც შეეხება „ძალა ერთობაშიაში“ შემავალ პარტიებს, „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი პაატა დავითაია ამბობს, რომ ისინი 2018 წელს დადებული შეთანხმების ერთგულები არიან და, სავარაუდოდ, მხარს დაუჭერენ სააკაშვილის კანდიდატურას, ხოლო „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი ხათუნა სამნიძე ფიქრობს, რომ სააკაშვილის კანდიდატურა „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველს გააერთიანებს, ხოლო მათ, ვისთვისაც მიუღებელია ის, დიდი და მრავალფეროვანი არჩევანი აქვთ.


„ძალა ერთობაშიას“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იქნება. ამის შესახებ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

„მიხეილ სააკაშვილი უნდა დაბრუნდეს საქართველოში და ის უნდა იყოს პირისპირ თავის ხალხთან. ზუსტად ამიტომ, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალმა ყველა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, მისი კანდიდატურა დავასახელოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრობაზე. ყველა დანარჩენ საკითხზე პრეზიდენტი საღამოს ისაუბრებს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.