„ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებმა სააკაშვილის თხოვნით შიმშილობა შეწყვიტეს

პუბლიკა

გუშინ, გვიან ღამით, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მყოფი მოშიმშილეები მოინახულა და მათ მიხეილ სააკაშვილის გზავნილი გააცნო. ინფორმაცია პარტიის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

მიხეილ სააკაშვილმა თხოვნით მიმართა მოშიმშილეებს რომ იგი თავად მიმართავს შიმშილობას, თუკი ისინი არ შეწყვეტენ პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას. მოშიმშილეებმა სააკაშვილის თხოვნით შიმშილობა შეწყვიტეს.

როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი განიცდის თითოეული მოშიმშილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და თავადაც იძულებული გახდება, რომ მანაც განაახლოს შიმშილობა, რაც მისი თქმით, დაუშვებელია.

„თავადაც იძულებული გახდება, რომ მანაც განაახლოს შიმშილობა, რისი დაშვების უფლებაც არ გვაქვს არც ერთ ჩვენგანს, ვინაიდან, მიხეილ სააკაშვილის მიერ შიმშილობის დაწყება იქნება ფატალური შედეგის მომტანი და ამიტომ, თანამებრძოლებთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გადავიდეთ ბრძოლის შემდეგ ეტაპზე, რომელიც იქნება მრავალფეროვანი და არაძალადობრივი, ვიდრე ქვეყანაში სამართლიანობა არ გაიმარჯვებს და არ დასრულდება პოლიტიკური მართლმსაჯულება. აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავდივართ ბრძოლის სხვა ეტაპზე“, – განაცხადა ნიკა მელიამ.