„ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წევრმა განაცხადა, რომ შიმშილობას იწყებს

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წევრი შიმშილობას იწყებს. ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს.

„ჩემი მიზანი არ არის ცუდი ემოციებისგან თქვენი დატვირთვა და მინდა, ბოდიში მოვუხადო პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ ეს გადაწყვეტილება მასთან შეთანხმებული არაა. მე არ შემიძლია, პრეზიდენტ სააკაშვილის სიკვდილს ვუყურო ციხეში და არ გავაკეთო მაქსიმუმი იმისთვის, რომ გადავარჩინო პრეზიდენტის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. თუ ხელისუფლებას სჭირდება მსხვერპლი, დაე, ეს მსხვერპლი ვიყო მე. ამიტომ მე ვიწყებ შიმშილობას მანამ, სანამ პრეზიდენტ სააკაშვილს არ ექნება შესაძლებლობა, რომ გადარჩეს მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა“. განაცხადა ანა წითლიძემ.

კირკიტაძის თქმით, შიმშილობა გაგრძელდება იქამდე, სანამ მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ ქვეყანაში, სადაც მისი მკურნალობა მოხდება:

„დღეს მე და ჩემმა მეგობრებმა მიუხედავად ფრაქციაში არსებული აზრთა სხვადასხვაობისა, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანამდე იმ ქვეყანაში, სადაც მოხდება მისი მკურნალობა, მივიღეთ გადაწყვეტილება და ვიწყებთ შიმშილობას. ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, ღრმად ვარ დარწმუნებული ეს პოლიტიკური აქტი იქნება მზარდი, იქნება პარლამენტის კედლებში და მის კედლებს გარეთაც.

ღრმად ვარ დარწმუნებული ჩვენს საზოგადოებას საკმარისად აქვს შერჩენილი ადამიანობა, ჰუმანიზმი და ჩვენ არ უნდა დავუშვათ ჩვენს ქვეყანაში საქართველოს პრეზიდენტის სიკვდილი უკვე მეორედ. ეს პოლიტიკური აქტი იქნება აქაც და პარლამენტის კედლებს გარეთაც“ – განაცხადა დავით კირკიტაძემ.