„ნაცმოძრაობას“ ხელისუფლების დამხობის უშედეგო მცდელობა აქამდეც ჰქონდა – გახარია მერაბიშვილის კომენტარზე

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას გამოეხმაურა.

გახარიას თქმით, ვანო მერაბიშვილმა ციხიდან გამოსვლისას ხელისუფლების დამხობაზე ისაუბრა, რაც ახალი არაა. ხელისუფლების დამხობის მცდელობა, გახარიას თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქამდე უკვე ჰქონდა, თუმცა უშედეგოდ და ეს პარტია „გუშინდელი დღეა“.

„დღეს თავისუფლების პირველ წუთებზე ადამიანმა თქვა, რომ დავამხობო, სიტყვა-სიტყვით. დავასრულებ კი არ უთქვამს, შევცვლი კი არ უთქვამს – დავამხობო. მოდით, ასე შევთანხმდეთ, რომ ჩვენ ვიყურებით წინ, მომავლისკენ. ეს მცდელობები დამხობის რამდენჯერმე ჰქონდათ და არც ერთხელ არაფერი არ გამოუვიდათ. არც აწი გამოუვათ.

ჩვენი მიზანია ხვალინდელი დღე, მომავალი, ძლიერი საქართველო, რომელიც არის შესაძლებლობების ქვეყანა და არა გადატრიალებების, დამხობებისა და უბედურებების ქვეყანა, რომელიც წარსულში დავტოვეთ“, – განაცხდა გიორგი გახარიამ.


7-წლიანი პატიმრობის შემდეგ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დღეს დატოვა.

„მე გაძლევთ გარანტიას, რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება“, – განაცხადა მან ციხის დატოვების შემდეგ. მისი თქმით, ის აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს. კონკრეტულ გეგმებზე კი მოგვიანებით ისაუბრებს.

„წლის ბოლომდე, მე გაძლევთ გარანტიას, რომ ამ ხელისუფლების დამხობის მერე ამ ციხის კარები ფართოდ გაიღება…“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.


ვანო მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააკავეს. ის სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდიდა: მათ შორისაა: 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმე.

სასჯელის შთანთქმის პრინციპით, მერაბიშვილს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

ამჟამად სასამართლოში მერაბიშვილის წინააღმდეგ 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმის განხილვა მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე მერაბიშვილს უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან.