ნაცვლიშვილი პაპუაშვილს: 12 პუნქტში წერია, მედიაგარემო გააუმჯობესეთო, თქვენ კი ცენზურას უწესებთ

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტში მედიის აკრედიტაციის ახალი წესის დამტკიცების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ეს არის მედიის შეზღუდვა.

„არ შემიძლია იმ ბევრი საკითხის პარალელურად, რომელიც ყველას აწუხებს, არ გამოვეხმაურო წარმოუდგენელ გადაწყვეტილებას პარლამენტის თავმჯდომარისა, რომელიც მიემართება მედიის შეზღუდვას. 12 პუნქტში წერია – გააუმჯობესეთ მედიაგარემოო და თქვენ აპირებთ რომ მედიას პარლამენტის შენობაში დაუწესოთ ცენზურა.

ბატონო შალვა, მესმის, რომ  ფორმალურად გაქვთ დისკრეციული უფლებამოსილება, მაგრამ ეს არ გულისხმობს თვითნებობას და თქვენი უფლებამოსილება ვერ დადგება საქართველოს კონსტიტუციაზე მაღლა“, – თქვა ანა ნაცვლიშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ანა ნაცვლიშვილს უპასუხა, რომ ეს ახალი რეგულაცია „ორ სიკეთეს ემსახურება – პირველი, საზოგადოების ინფორმირებულობასა და მეორე, პარლამენტში დეპუტატებსა და აპარატის თანამშრომლებს ჰქონდეთ შესაბამისი სამუშაო გარემო”.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაციის წესი დამტკიცდა.

ბრძანება მედიასაშუალებების აკრედიტაციის თაობაზე, დეტალურად განსაზღვრავს აკრედიტაციის სახეებს, აკრედიტებული ჟურნალისტების რაოდენობას, აკრედიტებული ჟურნალისტების უფლებებსა და ვალდებულებებს.