საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა გელათის შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, კულტურის მინისტრი არაფერს აკეთებს, რომ გელათში ნგრევა შეჩერდეს და ამას ადასტურებს რამდენიმე მეცნიერული კვლევა.
„ჩვენ უკვე დავკარგეთ ძეგლის ნაწილი, რომელიც ვეღარ აღდგება და დავკარგავთ უფრო მეტს. როდემდე აპირებთ დუმილს? არ იმსახურებს გელათი, რომ პარლამენტის თავმჯდომარე, უმრავლესობის წევრები გელათში ჩახვიდეთ და ნახოთ, რა ხდება იქ, არ ფიქრობთ რომ გელათი ამას იმსახურებს? მარტო რელიგიურ დღესასწაულებზე გრძელი სანთლებით მედიის წინ პოზირება, არ არის ის, რითაც შეძლებთ, რომ გადაირჩინოთ თქვენი იმიჯი. ისტორია ყველას დაიმახსოვრებს – მათაც, ვინც ვცდილობდით და მათაც, ვინც არაფერს აკეთებდით და პირში წყალი გქონდათ ჩაგუბებული. ინგრევა ტაძარი და ეს იქნება თქვენი პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ თეა წულუკიანის”, – მიმართა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს და უმრავლესობის წევრებს.
ამაზე საპასუხოდ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მას უთხრა, რომ სწორედ კულტურის კომიტეტში მუშაობისა და მათ მიერ გაცემული რეკომენდაციების დამსახურებაა, რომ საზოგადოება ინფორმირებულია გელათში მიმდინარე პროცესების შესახებ.