თბილისის საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ირაკლი ნადირაძემ დღეს ბრიფინგი გამართა.
ნადირაძე ამბობს, რომ, მისი ინფორმაციით, პროკურატურა თბილისის მერიაში კორუფციულ გარიგებებს იძიებს, საქმე ეხება მილიონობით ლარის ქონების გაფლანგვას. ნადირაძემ პროკურატურას მოუწოდა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გააკეთონ შესაბამისი განცხადება და განმარტებები აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით.
„კალაძე გაურბის საკრებულოში მოსვლას და გაურბის ოპოზიციის კითხვებს. ამასობაში კი გრძელდება თბილისის მერისა და თბილისის მერიის მხრიდან ჩვენი მოქალაქეების ქონების და თანხების ფლანგვა და ამაზე საუბრობს არა მხოლოდ ოპოზიცია, მედია და არასამთავრობოები, არამედ ამ წუთებშიც მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე. პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს წარმოებაშია სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება.
საქმე ეხება მილიონობით ლარის სახელმწიფო ქონების გაფლანგვას და ყველა ძირითად დოკუმენტზე ხელმომწერი არის კახა კალაძე, მიუხედავად იმისა, რომ ის ამ დრომდე უარყოფს ამ ფაქტს, თითქოს რაიმე გამოძიება მიდის პროკურატურის მხრიდან, ჩვენ ხელში გვიჭირავს ოფიციალური დოკუმენტი და ეს არის სასამართლოს განჩინება, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ მიმდინარეობს ეს სისხლის სამართლებრივი საქმე. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, გააკეთოს განცხადება და საჯარო განმარტებები, რას ეხება და ვის ეხება მერიის მხრიდან აღნიშნიული თანხების გაფლანგვა“, – აცხადებს ნადირაძე.
მოგვიანებით, მერმა კახა კალაძემ ნადირაძის განცხადებასთან დაკავშირებით ჟურნლისტებს განუცხადა, რომ ნადირაძის მიერ გვარცელებული ინფორმაცია ტყუილია.
„ეს არის ტყუილი, დედაქალაქის მერიის არცერთი თანამშროემლი არც დაკითხვაზე ყოფილა და არც არავის დაუბარებია. ვიმეორებ, არ ვიცი სად რა არის დაწყებული, საერთოდ არ მაინეტერებს, მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული ქონების განკარგვა ხდება მხოლოდ და მხოლოდ აუქციონის საფუძველზე“,- ამბობს კალაძე.