„პრაიდის მონაწილეებზე „ნადირობისკენ“ მოწოდება" - ევროკომისია ასოცირების პროცესზე ლგბტ უფლებების კუთხით

პუბლიკა

გამოქვეყნდა ევროკომისიის აპარატის მეოთხე ანგარიში „საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ“, რომელის ქართული თარგმანიც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ვებგვერდზეა განთავსებული.

ანგარიშში ნახსენებია მაისის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას ეხებოდა და რომელიც მიზნად კანონის აღსრულების გაუმჯობესებას ისახავდა.

„ამის მიუხედავად, მაინც ხდებოდა დისკრიმინაციის ინციდენტები ლესბოსელ, ჰომოსექსუალ, ბისექსუალ, ტრანსგენდერ და ინეტერსექს (ლგბტი+) პირთა შრომის, ჯანდაცვის, სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშში ასევე ყურადღება გამახვილებულია „მცირე და სიმბოლურ ღირსების მარშზეც“, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ 8 ივლისს გაიმართა, „მას შემდეგ, რაც ვერ მოხდა ხელისუფლებასთან შეთანხმება სხვა ადგილზე გამართვასთან დაკავშირებით“.

„რადიკალურმა მემარჯვენე ჯგუფებმა ღირსების მარშის მონაწილეების დაკავების მიზნით მათზე „ნადირობისკენ“ მოუწოდეს. წამქეზებლების წინააღმდეგ ჩატარებულ გამოძიებებს შედეგი აქამდე არ მოუტანია“, – წერია ანგარიშში.