ნაფიცებმა გაამართლეს ტაქსისტი, რომელმაც რუსი და ლიეტუველი მგზავრები სასტუმროს ნაცვლად გომბორზე დატოვა

პუბლიკა

ადვოკატ ირაკლი ჩომახაშვილის თქმით, ნაფიცმა მსაჯულებმა უდანაშაულოდ ცნეს ტაქსის მძღოლი ამირან ბოკუჩავა, რომელსაც პროკურატურა ლიეტუვისა და რუსეთის მოქალაქეების მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდა.

შემთხვევა 2022 წლის 11 აპრილს მოხდა, თბილისის აეროპორტიდან წამოყვანილი რუსეთისა და ლიეტუვის მოქალაქეები ტაქსისტმა გომბორთან დატოვა.

როგორც „რადიო თავისუფლებასთან” ადვოკატი ჰყვება, ტაქსის მძღოლსა და მგზავრებს შორის კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც მათ ბოკუჩავას რუსულად საუბარი მოსთხოვეს, შემდეგ კი მანქანაში უკრაინული სიმღერის გამორთვა.

„ორი მამაკაციდან, ერთი იყო რუსეთის მოქალაქე, მეორე – ლიეტუვის. საქართველოში შეხვდნენ ერთმანეთს. ჩაუსხდნენ მანქანაში, ესაუბრებოდნენ რუსულად, ამირან ბოკუჩავა ესაუბრებოდა ინგლისურად. თავდაპირველად მათ მოსთხოვეს რუსულად საუბარი, რაზეც [მძღოლმა] უარი თქვა. ამის შემდეგ მან ჩართო უკრაინული სიმღერა, რაზეც მოსთხოვეს, რომ გამოერთო. შემდეგ დაიწყო სიტყვიერი კონფლიქტი რუსეთ-უკრაინის თემაზე.

ვინაიდან ამირანი განაწყენდა, რომ ისინი პატივს არ სცემდნენ საქართველოს და უკრაინას, იმის ნაცვლად, რომ წაეყვანა სასტუმროში, წაიყვანა გომბორის მიმართულებით, გააჩერა ავტომობილი და უთხრა: წადით თბილისში ფეხით. ისინი არ გადადიოდნენ ავტომობილიდან, ამირანი გადავიდა, გადმოუღო ბარგი და უთხრა, გადმოდითო. ისინი გადმოვიდნენ, მძღოლმა დაქოქა მანქანა და წამოვიდა. ამის შემდეგ მათ დარეკეს პოლიციაში და განაცხადეს, რომ თავისუფლება აღუკვეთეს უკანონოდ”, – ამბობს ადვოკატი.

აღნიშნულ საქმეზე განცხადება გაავრცელა პროკურატურამაც და აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართული მცდელობა. როგორც პროკურატურის განცხადებაში წერია, კამათი თანხასთან დაკავშირებით დაიწყო – რომ მძღოლმა მათ მგზავრობის საფასურად 195 ლარის გადახდა მოსთხოვა, რაც რამდენჯერმე აღემატებოდა აპლიკაციაში მითითებულ ღირებულებას – 23 ლარს. ადვოკატი ჩომახაშვილი ამბობს, რომ თანხის ისტორია მოგონილია.

პროკურატურის ვერსია ასეთია:

„2022 წლის 11 აპრილს, დაახლოებით 04:30 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ლიეტუვისა და რუსეთის მოქალაქეებმა ბრალდებულის მართვის ქვეშ მყოფი, კომპანია „იანდექსის” აპლიკაციით გამოძახებული ტაქსით თბილისში მშრალი ხიდის მიმდებარედ არსებულ ერთ-ერთ სასტუმრომდე იმგზავრეს, სადაც ბრალდებულმა მათ მგზავრობის საფასურად 195 ლარის გადახდა მოსთხოვა, რაც რამდენჯერმე აღემატებოდა აპლიკაციაში მითითებულ მგზავრობის ღირებულებას – 23 ლარს. აღნიშნულის გამო, მგზავრები და ტაქსის მძღოლი შეკამათდნენ, რა დროსაც მგზავრებმა ბრალდებულს ახლომდებარე პოლიციის დაწესებულებაში მისვლა და თანხის ანაზღაურების საკითხის კანონიერად გადაწყვეტა შესთავაზეს.

ხსენებულით განაწყენებულმა ბრალდებულმა დაძრა ავტომანქანა და გაემართა უკან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით და დაზარალებულები პოლიციის განყოფილების ნაცვლად, მანქანის გაუჩერებლად, ჩაკეტილი კარებით, მათი ნების საწინააღმდეგოდ, გარდაბნის რაიონის სოფელ ვაზიანის მიმართულებით, დაუსახლებელ, უკაცრიელ ადგილას წაიყვანა და თავისუფლების სანაცვლოდ 500 ლარის გადახდა მოსთხოვა. ვაზიანიდან კახეთის მიმართულებით მოძრაობისას მგზავრებმა ისარგებლეს მომენტით და გადახტნენ წამიერად შეჩერებული ავტომანქანიდან, თუმცა ბრალდებულმა სცადა არ მიეცა დაზარალებულებისთვის ამის საშუალება და კვლავ დაძრა ავტომანქანა, რის გამოც ერთ-ერთი მგზავრი გადმოვარდა ავტომანქანიდან და სახისა და კიდურების არეში მიიღო ჯანმრთელობის დაზიანებები.

ავტომანქანიდან მგზავრების გადახტომისა და გაქცევის შემდეგ, ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. რამდენიმე ათეული მეტრის გავლის შემდეგ, მან გააჩერა ავტომანქანა და მგზავრების ბარგი გზაზე გადაყარა. გადმოხტომით მოძალადისგან თავის დაღწევის შემდეგ დაზარალებულები ტელეფონით დაუკავშირდნენ და მომხდარის შესახებ შეატყობინეს ლიეტუვის მოქალაქის ნაცნობს, რომელიც, თავის მხრივ, დაუკავშირდა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ს, რის შემდეგაც პოლიციის თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე დაზარალებულთა დასახმარებლად მივიდნენ“, – წერს პროკურატურა.

დღეს ადვოკატმა საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთი facebook-სტატუსი გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ:

„ტაქსის მძღოლის განმარტებით, მას ჩაუჯდა ორი რუსულად მოლაპარაკე ტურისტი, რომლებმაც მოსთხოვეს რუსულად საუბარი, ხოლო შემდეგ უკრაინული სიმღერის გამორთვა, ტაქსის მძღოლმა სასტუმროს ნაცვლად, გომბორის ხიდზე დატოვა.

ნაფიცმა მსაჯულებმა არ დაუჯერეს დაზარალებულებს, ვინაიდან ისინი ამბობდნენ , რომ ობიექტურად არ შეეძლოთ ავტომობილის დატოვება, თუმცა, დადასტურდა რომ უკანა კარის გაღება შესაძლებელია, მათ ჰქონდათ მობილური ტელეფონი და ყველა სხვა საშუალება.

ასევე, დაზარალებულებმა, რუსეთში და ლიტვაში გამგზავრებამდე, მოითხოვეს დაკითხვა ადვოკატების გარეშე, რადგან ეშინოდათ დაცვის მხარის, თუმცა, მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდა რომ ისინი ინციდენტის შემდეგ იმყოფებოდნენ სხვადასხვა კაფეში მარტო და არ იყვნენ შეშინებულები. შესაბამისად, ნაფიცებმა არ დაუჯერეს რუს და ლიეტუველ ტურისტს და დაუჯერეს ტაქსის მძღოლს. რეალურადაც ასე იყო”, – წერს ადვოკატი.