ნაფიცმა მსაჯულებმა განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნეს

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნეს.

პროკურატურის ცნობით, საქმე შურისძიებით ჩადენილ მკვლელობას შეეხებოდა.

უწყების ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებული და მოკლული თავდაცვის სამინისტროს კრწანისის სამხედრო ბაზაზე ერთად მსახურობდნენ და დამეგობრდნენ.

2023 წლის 27 დეკემბერს ბრალდებულმა მეგობარი შურისძიების  მოტივით, პირადი უთანხმოების ნიადაგზე, საკუთარ მანქანაში, ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით მოკლა.

პროკურატურის განცხადებით, ბრალმდებლებმა სასამართლო პროცესზე წარადგინეს მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენას ადასტურებდა.

ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალდებული დამნაშავედ ცნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და სასამართლომ მას სასჯელის სახით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.