ნაგვის ურნის თავზე ჩამოცმა არ ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში | ლომჯარია

პუბლიკა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ბათუმში უმაღლესი საბჭოს დეპუტატისთვის ნაგვის დაყრას გამოეხმაურა. ლომჯარიას განცხადებით, პირისთვის ნაგვის ურნის თავზე ჩამოცმა არ ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში.

„გამოხატვის თავისუფლებით დაცული არ არის პროტესტის გამოხატვის ისეთი ფორმა, რაც არღვევს პირის ფიზიკურ ხელშეუხებლობას და უსაფრთხოებას. პირისთვის ნაგვის ურნის თავზე ჩამოცმა არ ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში! არ შეიძლება ძალადობის წახალისება ან გამართლება!“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.


აჭარის უმაღლესი საბჭოს უპარტიო წევრს, ირაკლი ჩავლეიშვილს ურნით ნაგავი თავზე დააყარეს. ინციდენტის ამსახველ ვიდეოს მოძრაობა „ალტერნატივა“ ავრცელებს.

როგორც ჩავლეიშვილი აცხადებს, ის საჯარო პირია და თმენის ვალდებულება აქვს.

ირაკლი ჩავლეიშვილი საარჩევნო ბლოკის ენმ – „ძალა ერთობაშიას“ სიაში „რესპუბლიკური პარტიიდან” მოხვდა. არჩეულმა დეპუტატმა დეკემბერში განაცხადა, რომ ტოვებდა „რესპუბლიკურ პარტიას“ და ოპოზიციის ბოიკოტის მიუხედავად შევიდოდა აჭარის უმაღლეს საბჭოში.