ნაკაიძემ რუსეთის მუფთების საბჭოს თავმჯდომარეს მიმართა: დაგმეთ ეს უსამართლო ომი

პუბლიკა

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფის“ წევრმა, ტარიელ ნაკაიძემ რუსეთის მუფთების საბჭოს თავმჯდომარეს, სრულიად რუსეთის მუფთს და  რუსეთის მუსლიმ წინამძღვრებს მიმართა და რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების დაგმობისკენ მოუწოდა.

„დაგმეთ თქვენი პრეზიდენტის მიერ დაწყებული ეს უსამართლო ომი. მე თქვენ შეგახსენებთ ყურანის სიტყვას: „ერთი ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნება კაცობრიობის გადარჩენის ტოლფასია, ხოლო ერთი ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა – კაცობრიობის განადგურების ტოლფასი“.

თქვენი დუმილიც კი დიდი დანაშაულია დღეს. სამწუხაროდ, თქვენგან  ამ უსამართლო ომის მხარდამჭერი განცხადებები ისმის. ძალიან სამწუხაროა, ჩეჩნეთის მუფთის ღია მხარდაჭერა პუტინის დიქტატურის მიმართ.

ბატონო მუფთო, შეგახსენებთ რომ 25 ათასზე მეტი ბავშვი ჩახოცა პუტინმა ჩეჩნეთის ომში. არა მგონია ამ ფონზე რაიმე მორალური, რელიგიურს რომ თავი დავანებოთ, უფლება გქონდეთ მხარი დაუჭიროთ ამ სასტიკ ომს. 

შეგახსენებთ, რომ თქვენ ვალდებული ხართ წინ აღუდგეთ უსამართლობას, იცოდეთ, რომ უკრაინაში დაღვრილი ყოველი წვეთი სისხლი, თქვენი პასუხისმგებლობაცაა“, – განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ. 

მისი თქმით, მუსლიმის ვალდებულება სამართლიანობისა და მშვიდობის მხარეს დგომაა. შესაბამისად, ამ ტირანიის დროს ჩუმად ყოფნაც კი უდიდესი დანაშაულია ღმერთისა და ადამიანის წინაშე.