„ნაკბენი მაქვს პოლიციის“ - აქციაზე დაკავებულები სამართალდამცველების მხრიდან ძალადობაზე ჰყვებიან

პუბლიკა

სამართალდამცავების მხრიდან ძალადობაზე ისაუბრეს 19 ნოემბერს აქციაზე დაკავებულმა მოქალაქეებმა, რომლებმაც დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვეს.

გუშინ გვიან საღამოს გაიმართა სამი დაკავებულის პროცესი, ისკო დევიძესა და  დავით წოწორიას 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, ირაკლი ანდღულაძეს 2700-ლარიანი ჯარიმა.

ალექსანდრე ქავთარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ დაკავებისას ურტყამდნენ, ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში, სადაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა გააგრძელეს.

„ამას დაადასტურებს სამივე ადამიანი, რომელიც ჩემთან ერთად მანქანაში იყო. იმ მანქანაში თავიდან ვერ შევდიოდით, უბრალოდ ადგილი არ იყო, შესვლისას კეფაში ჩამარტყა, ბავშვები რომ გახარებულები დედას ეძახიან „შევტენე, შევტენე“. მერე ის ტიპი შემოხტა გინებით და რტყმით“, – ყვება ქავთარაძე.

ბესიკ ლიპარტელიანი ყვება – „ნეკნებშიც მირტყამდნენ, ფეხებშიც მირტყამდნენ, რამდენიმე პოლიციელი“. მისივე თქმით, დაინახა როგორ ძალადობა პოლიცია სხვა მოქალაქეებზეც.

„დაიწყეს ჩვენი დარბევა, უკანონო დაკავება, შემდეგ ცემა, მანქანაშიც დარტყმები, შეურაცხყოფები. გვერდებზე შემორტყმა, თმებზე მოკიდება, შემდეგ მანქანაში უკვე ხელით დარტყმა და სიტყვიერი ძალადობა“, – ყვება რევაზ დუმბაძე, რომლის თქმითაც შუბლზე აქვს დაზიანება, რომელიც პოლიციის მანქანაში მიიღო.

ძალადობაზე საუბრობს გიორგი გაზაშვილი, რომელიც ამბობს, რომ პოლიცია ცდილობდა მისთვის ტელეფონის ჩამორთმევასაც:

„მანქანამდეც დაზიანებები მივიღე, სახის არეში, მეტყობა კიდეც და სხეულის არეში. მანქანაში უშუალოდ დამიწყეს ჭიდაობა, ორი კაცი, ორი ე.წ. პოლიციელი, რა დროსაც ეცადნენ ჩემი ტელეფონის ჩამორთმევას, რაც არის უკანონო“.

დავით თუჯიშვილი ამბობს, რომ მანქანამდე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებით მიიყვანეს:

„პირველი მე ჩამსვეს, დამაჯდნენ რამდენიმე ადამიანი ზევიდან, დამაჯდნენ არა, დამაწვნენ მაქსიმალურად რომ დავეპრესე, რაზეც მქონდა რეაქცია, ვუყვიროდი რომ ვერ ვსუნთქავ“

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, მანუჩარ ჩაჩანიძე ამბობს, რომ პოლიციელმა მას ხელზე უკბინა.

„დაკავების დროს როდესაც აქცევ ადამიანს და იმას ფეხებით დგები და თან წაქცეულზე რომ კბენ, ნაკბენი მაქვს პოლიციის“, – თქვა მან ჟურნალისტებთან.

საბა სხვიტარიძე ყვება, რომ დაკავების დროს პოლიციას ეჭირა და რამდენიმე პირი ურტყამდა.

„ბევრი მირტყეს, სიმართლე გითხრათ, თმებითაც მითრიეს. შემდეგ უკვე განყოფილებაში რომ გადამიყვანეს იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა, მაგრამ ნუ იმის მერე, ოღონდ ერთი ადამიანისგან მოდიოდა ეს შეურაცხყოფა“.

პოლიციამ ფიზიკურად იძალადა ჟურნალისტებზე. დაარტყეს „პუბლიკის” ჟურნალისტ მინდია გაბაძეს. ამასთან, ფიზიკურად გაუსწორდნენ და შემდეგ დააკავეს „მთავარი არხის” ოპერატორი, რომელიც ამ დროისთვის თავისუფალია. მას თვალსა და ტუჩის არეში ჩალურჯებები აქვს.

19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე ჯამში 16 ადამიანი დააკავეს, მოგვიანებით მათგან სამი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა.