ნახიდურში მომხდარი კონფლიქტისას, ორი პირის ძალადობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარვუდგინეთ - პროკურატურა

პუბლიკა

საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ უწყებამ საარჩევნო პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით მომხდარი კონფლიქტისას, ორი პირის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაკავებულ პირის ბრალდება 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ორი პირის მიმართ) ორ ეპიზოდზე წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ა.ი. მოსამართლის განჩინების საფუძველზე 2020 წლის 3 ოქტომბერს დააკავეს.

„შსს-ს ბოლნისის რაიონულ სამმართველოში მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 27 სექტემბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, საარჩევნო პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით მომხდარი კონფლიქტის გამო, ა.ი-მ ჯერ ბოლნისის რაიონის სოფელ ნახიდურში მდებარე საჩაიეში, გ.ა-ს, ხოლო შემდეგ, იმავე სოფელში მდებარე პარტია ,,ქართული ოცნების” შტაბის მიმდებარედ , ი.ა-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

უწყების ცნობით, ბრალდების მხარე კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უზრუნველყოფით გირაოს – 5 000 ლარის შეფარდების შუამდგომლობით. პროკურატურის განცხადებით, ა.ი.-სთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.


29 სექტემბერს მთელი დღის განმავლობაში დაძაბული ვითარება იყო მარნეულში. თავდაპირველად ინციდენტი იმ დროს მოხდა, როცა საოლქო კომისიის ადმინისტრაციის წინ „ნაციონალური მოძრაობა“ აქციას მართავდა. ორივე მხარე – „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთს ადანაშაულებს პროვოკაციებში. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.

საღამოს 10 საათისთვის მარნეულში კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა, რა დროსაც დაშავდა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გივი ქველაძე და მისი შვილი ლაშა ქველაძე. ოპოზიციის წევრები თავდასხმის ხელმძღვანელობაში მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარეს, „ქართული ოცნების“ შტაბის უფროს ამირან გიორგაძეს ადანაშაულებს.

„ქართული ოცნების“ თქმით კი, დაპირისპირება ენმ-ის პროვოცირებული იყო. პარტიაში აცხადებენ, „ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები „ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ და მათ მხარდამჭერებზე როგორც სიტყვიერად, ისე ფიზიკურად ძალადობა დაიწყეს, რის შემდეგაც ვითარება გართულდა და კონფლიქტი ორმხრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა.