ენმ-ს წევრი ლაშა ქველაძე საარჩევნო კომისიის თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის დავაკავეთ - შსს

პუბლიკა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, დაკავებულია პოლიტიკური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლაშა ქველაძე, რომელმაც შსს-ს თქმით, საარჩევნო კომისიის თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ქველაძის ადვოკატის, დიანა მარტიაშვილის განცხადებით, გამოძიება სსკ 162 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა ან ძალადობის მუქარას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებაში ასევე აღნიშნავს 27 სექტემბერს, ბოლნისის რაიონის სოფელ ნახიდურში მომხდარ შემთხვევაზე და ამბობს, რონ პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, დაკავებულია 1986 წელს დაბადებული „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტიც, რომელმაც ,,ბლაგვი საგნის გამოყენებით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა პარტია ქართული ოცნების მხარდამჭერებს”.

ბორცვაძის განცხადებით, ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება 29 სექტემბრის მარნეულის შემთხვევას, როგორც გუშინვე გახდა ცნობილი, დაკავებულია 2 პირი – 1987 წელს დაბადებული პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ აქტივისტი და 1977 წელს დაბადებული შპს მარნეულის მუნიციპალიტეტის ავტოპარკის ხელმძღვანელი.

გამიძიება მათ პარტია ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებზე ძალადობასა და ფიზიკური დაზიანებები მიაყენებას ედავება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წლის 27 სექტემბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში და 29 სექტემბერს მარნეულში მომხდარი ძალადობის ფაქტებზე სულ დაკავებულია 4 პირი.


29 სექტემბერს მთელი დღის განმავლობაში დაძაბული ვითარება იყო მარნეულში. თავდაპირველად ინციდენტი იმ დროს მოხდა, როცა საოლქო კომისიის ადმინისტრაციის წინ „ნაციონალური მოძრაობა“ აქციას მართავდა. ორივე მხარე – „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთს ადანაშაულებს პროვოკაციებში. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.

საღამოს 10 საათისთვის მარნეულში კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა, რა დროსაც დაშავდა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გივი ქველაძე და მისი შვილი ლაშა ქველაძე. ოპოზიციის წევრები თავდასხმის ხელმძღვანელობაში მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარეს, „ქართული ოცნების“ შტაბის უფროს ამირან გიორგაძეს ადანაშაულებს.

„ქართული ოცნების“ თქმით კი, დაპირისპირება ენმ-ის პროვოცირებული იყო. პარტიაში აცხადებენ, „ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები „ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ და მათ მხარდამჭერებზე როგორც სიტყვიერად, ისე ფიზიკურად ძალადობა დაიწყეს, რის შემდეგაც ვითარება გართულდა და კონფლიქტი ორმხრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა.