ნამახვანჰესი | რა საკითხებზე იმსჯელეს და რა შედეგით დასრულდა პირველი შეხვედრა

პუბლიკა

სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი, ლინა ღვინიანიძე ნამახვანჰესთან დაკავშირებით გუშინ ევროკავშირის ჩართულობით გამართულ შეხვედრას ეხმაურება. ღვინიანიძე მედიაციის წინაპირობად დასმულ საკითხებსა და შეხვედრის შედეგებზე წერს.

„გუშინდელი შეხვედრის მიზანი იყო მედიაციის წინაპირობებზე შეთანხმება, რაც გულისხმობს იმ პირობების შესრულებას რაც მედიაციას თანასწორს და სამართლაინს გახდის. ამდენად, ამ პირობებზე შეთანხმების მიღწევამდე ფორმალური მედიაციის, ანუ ნამახვანჰესის პროექტის შინაარსობრივი განხილვა ვერ დაიწყება.

შეხვედრაზე მედიაციის წინაპირობად დასმული იყო სამი საკითხი:

1. რკინის ბარიკადების მოხსნა და ხეობაში შესვლის თავისუფლება, ამ რაოდეობის პოლიციის გასვლა ხეობიდან და რეპრესიის შეწყვეტა;

2. პროტესტის დაბრუნება სოფელ ნამოხვანში პირვანდელ ადილზე;

3. ხეობაში მიმდინარე სამუშაოების სრულად შეჩერება ჰესის საკითხის გადაწყვეტამდე.

შეხვედრის შედეგად შეთანხმება მიიღწა შემდეგზე:

1. პარასკევამდე მთავრობა იტყვის დააკმაყოფილებს თუ არა პირველ ორ პირობას: გაიყვანს თუ არა ამ რაოდენობის პოლიციას ხეობიდან, მოხსნის თუ არა ხეობის ბლოკირებას და მისცემს თუ არა პროტესტს ნამოხვანში გადანაცვლების შესაძლებლობას;

2. ამ პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში გაიმართება კიდევ ერთი შეხვედრა ხეობაში სამუშაობების შეჩერებაზე.

3. მხოლოდ ამის შემდეგ გაიმართება მედიაცია რომელიც ნამახვანჰესის პროექტის ყველა საკითხს შეეხება მათ შორის, ხელშეკრულებების პირობებს და გარემოზე ზემოქმედების შეფასებას“, – წერს ღვინიანიძე.

ლინა ღვინიანიძის თქმით, შეხვედრის დიდი ნაწილი დაეთმო ხეობაში საპოლიციო რეპრესიებს და მოძრაობის მხარდამჭერების დევნის და უკანონო დაკავების შემთხვევებს. ასევე დადგა ხეობაში მიმდინარე სამუშაოების დაუყოვნებლივი ინსპექტირების საკითხი მთავრობის მხრიდან, რაც უახლოეს ვადებში უნდა განხორციელდეს.

„ასევე შეთანხმდა, რომ მთავრობა ვალდებულია წარმოადგინოს ენერგოუსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტი რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით უნდა შემუშავდეს. ეს იმის ცხადი აღიარება იყო რომ სახელმწიფოს ამგვარი პოლიტიკა საერთოდ არ გააჩნია და ამ პირობებში აშენებს გიგანტურ ჰესებს.

შეხვედრას უნდა დასწრებოდა კომპანია „ენკა“, რომელიც ამდენი თვეა ყველა ეთერში მარტო იმას ამბობს რამდენად უნდა და მზად არის დიალოგისთვის. „ენკა“ შეხვედრაზე არ მოვიდა

შეხვედრას ასევე გაურკვეველი მიზეზით არ დასწრებია შინაგან საქმეთა სამინისტროს არც ერთი წარმომადგენელი.

შეხვედრას რატომღაც დამოუკიდებელი დამკვირვებლის სტატუსით ესწრებოდა ორი ორგანიზაცია გრედა (გიორგი აბრამიშვილი) და ვეგი (მურმან მარგველაშვილი). ჩვენთვის ცხადია რომ ისინი ამ პროექტის ღია ლობისტები არიან ამიტომ მათ (თუ მედიაცია დაიწყო) დამკვირვებლის სტატუსიდან მთავრობის გვერდით უნდა გადაინაცვლონ“, – წერს ღვინიანიძე.