შევთანხმდით, რომ ნამახვანჰესთან დაკავშირებით რისკებს შევაფასებთ - დირკ ბუშლე

პუბლიკა

დღეს რიონის ხეობის მცველების შეხვედრა გაიმართა ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლებთან. ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტის ცენტრის ხელმძღვანელის, დირკ ბუშლეს განცხადებით, ნამახვანჰესთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე მხარეები რამდენიმე საკითხზე შეთანხმდნენ, მათ შორის პროექტის რისკების შეფასებაზე, საქართველოს ენერგოუსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებაზე. საუბარი იყო ასევე ხეობიდან პოლიციის გაყვანაზე. გთავაზობთ მის კომენტარს:

„ძალიან ხანგრძლივი შეხვედრა იყო. ის მოიცავდა დისკუსიას. რა თქმა უნდა, იყო წინააღმდეგობრივი აზრებიც, თუმცა საბოლოოდ მოვახერხეთ შეთანხმება სამ ძირითად საკითხზე.

პირველი – ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით შევთანხმდით, რომ ჩვენ ვაწარმოებთ რისკების შეფასებას სამოქალაქო საზოგადოებასა და მთავრობასთან ერთად. იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდება რისკები, შემდეგ უკვე ვაწარმოებთ ამ რისკების აღმოფხვრასთან დაკავშირებით დიალოგს და ერთად შევეცდებით, რომ ისინი აღმოვფხვრათ.

მეორე საკითხი ეხებოდა რიონის ხეობაში არსებულ სიტუაციას. კერძოდ, როგორ უნდა მოხდეს მისი დეესკალაცია. შევთანხმდით რამდენიმე მთავარ საკითხზე. ერთ-ერთი არის რკინის ბარიერების მოხსნა და იქ მყოფი ადამიანებისთვის კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლების უზრუნველყოფას გადაადგილების თავისუფლებასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება მესამე საკითხს, ეს შეეხებოდა ენერგოუსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრას საქართველოში. ჩვენ შევთანხმდით, რომ მთავრობა შეადგენს დოკუმენტს, რომელიც განსაზღვრავს მომავალი 10 წლის განმავლობაში ენერგოუსაფრთხოების პოლიტიკას, მათ შორის განხილული იქნება ჰიდროელექტროსადგურების წილი და როლი მთლიან ენერგოუსაფრთხოებაში. შემდეგ მოხდება ამ დოკუმენტის განხილვა სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობით.  არ იქნება ეს დოკუმენტი დოკუმენტისთვის, არამედ აუცილებლად უნდა იყოს აღსრულებადი.

რაც შეეხება მედიაციის პროცესის გაგრძელებას, ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება ჩვენ მიერ შეთანხმებული პირობების შესრულებაზე. თუ პირობები ვადებში ეფექტურად აღსრულდება, რა თქმა უნდა მედიაცია აუცილებლად გაგრძელდება“, – განაცხადა დირკ ბუშლემ.