ნამახვანჰესის აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავა. საუბარია 29 მაისის შემთხვევაზე სოფელ გუმათში, რა დროსაც ჰესის მოწინააღმდეგეები პროტესტის ნიშნად რკინის ბარიკადებზე აბრახუნებდნენ და ცდილობდნენ გადასვლას ჯებირს მიღმა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 29 მაისს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათში, „ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციაზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მყოფ პოლიციის თანამშრომელს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა”, – წერს შსს.

შსს წერს, რომ 1993 წელს დაბადებული დ. ხ. ბრალდებულის სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზე.

პოლიციამ, ამავე საპროტესტო აქციის დროს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, 1 პირი – ირაკლი მუკბანიანი რამდენიმე დღის წინ დააკავა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.