ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტს, ლაშა მიქაუტაძეს ბრალდება წარედგინა – მას გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 226-ე მუხლებით ედავება. – ამის შესახებ „პუბლიკას” მისმა ადვოკატმა განუცხადა.
სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით 120-დან 180 საათამდე ან შინაპატიმრობით, ვადით 6 თვიდან 1 წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით, ვადით 1 წლამდე.
სსკ-ის 226-ე მუხლი ითვალისწინებს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან ან, რომელმაც ტრანსპორტის, საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხება გამოიწვია, აგრეთვე, ასეთ მოქმედებაში აქტიური მონაწილეობა.
აღნიშნული მუხლით ჩადენილი დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით 120-დან 180 საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით 2 წლამდე, ან შინაპატიმრობით, ვადით 6 თვიდან 2 წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით, ვადით 3 წლამდე.
როგორც „პუბლიკასთან” საუბრისას მისი ადვოკატი აცხადებს, მიქაუტაძეს გამოძიება ედავება, რომ მან ისროლა ქვა და ამ ქვით დაზიანდა ერთი ადამიანი.
„ქვა არის ნასროლი. ედავებიან, რომ თქვენი ნასროლი ქვით მოხდა დაზიანებაო. ეროვნებით თურქი საქართველოს მოქალაქე ამბობს, რომ ქვა ბეჭზე მოხვდა, გამოძიება კი ამბობს, რომ ის დაზიანდა ბრალდებულის ქმედებით”, – ამბობს ადვოკატი.
მისივე ცნობით, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაოს შუამდგომლობის დაყენებას გეგმავს, რასაც დაცვის მხარე არ ეთანხმება.
აქტივისტი სოფელ ნამოხვანში 23 თებერვალს დააკავეს. ჰესის მოწინააღმდეგე ადგილობრივების პროტესტი საპროექტო ტერიტორიაზე კომპანიის ტექნიკის გადაადგილებას მოჰყვა. მოსახლეობა ნამახვანჰესზე შესაბამისი სამუშაოების მიმდინარეობას აპროტესტებს.