პოლიციამ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტი სისხლის სამართლის წესით დააკავა

პუბლიკა

პოლიციამ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტი დააკავა. როგორც „პუბლიკასთან” საუბრისას ვარლამ გოლეთიანი ამბობს, დაკავებულია ლაშა მიქაუტაძე.

როგორც „პუბლიკას” შსს-ში განუცხადეს, აქტივისტი დაკავებულია სისხლის სამართლის წესით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობა) და 187-ე მუხლებით (ნივთის დაზიანება ან განადგურება) მიმდინარეობს.

სოფელ ნამოხვანში დღეს შეხლა-შემოხლა იყო. ადგილობრივების პროტესტი საპროექტო ტერიტორიაზე კომპანიის ტექნიკის გადაადგილებას მოჰყვა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. მოსახლეობა ნამახვანჰესზე შესაბამისი სამუშაოების მიმდინარეობას აპროტესტებს.


ადგილობრივი მოსახლეობა 121 დღეა, რაც ჰესის მშენებლობას ადგილზე ყოველდღიურ რეჟიმში, უწყვეტად აპროტესტებს.

მათი მოთხოვნებია:

„გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ენკა რინიუებლზისათვის” აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”;

2. მოგლეჯილი ჯვარი დაუბრუნდეს თავის ადგილს.

3. გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი.

4. კომპანია „ენკა რინიუებლზმა” დატოვოს რიონის ხეობა”.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ნამახვანჰესების კასკადის მშენებლობა კანონის დარღვევით მიმდინარეობს. კომპანია კი აცხადებს, რომ მათ მიმდინარე სამუშაოებისთვის ყველა შესაბამისი ნებართვა აქვთ.

სასამართლოში გასაჩივრებულია როგორც პროექტზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, ასევე მოსამზადებელი სამუშაოების შესაბამისობა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ გაცემულ სამშენებლო ნებართვასთან.