ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დავაკავეთ - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით ბათუმში 31 წლის პირი დააკავა. უწყების ცნობით, დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა და ამჟამად პატიმრობაში მყოფმა მისმა ექვსმა თანამზრახველმა 2021 წლის 12 აპრილს, ქალაქ ქუთაისში, გუმათჰესის დასახლებაში, ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ყოფნისას, ჯგუფურად იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს, ასევე, დააზიანეს ერთ-ერთი დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანა“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტზე ე.ა.-ს მიმართ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აცხადებენ შსს-ში.


15 აპრილს ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 6 პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან ფირუზ წულუკიძე და მისი ძმა რევაზ წულუკიძე.