ნამახვანჰესის პროექტი ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი პროექტია - თურნავა

პუბლიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, პრემიერისგან მიღებული დავალების შესაბამისად, ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით გაძლიერდება კომუნიკაცია, გაიმართება შეხვედრები მოსახლობასთან და დაინტერესებულ ჯგუფებთან.

„მე იმთავითვე მინდა ვქთვა, რომ ნამახვანჰესის პროექტი არის ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი პროექტი. მაგრამ როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არის მოსახლეობაში შეკითხვები ამ პროექტის უსაფრთხოებასთან, მნიშვნელობასთან, სარგებელთან დაკავშირებით.

ჩვენ მზად ვართ, რომ კვირაში რამდენიმე შეხვედრა გავმართოთ ხოლმე მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფთან, ექსპერტებთან, მათ შორის სხვადასხვა პლატფორმაზე, ჩავიდეთ რეგიონებში და უფრო მეტი ვისაუბროთ იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის განმტკიცება, ენერგეტიკული დამოუკიდებლობის საქმეში მსხვილი ჰესების როლი და რა სარგებელი მოაქვს კერძოდ ნამახვანჰესს, რომელიც ჩვენი იმპორტის დიდი ნაწილის ჩანაცვლებას უზრუნველყოფს“,- განაცხადა მინისტრმა.