„ნამახვანის პროტესტის გამო სკოლიდან გამიშვეს" - გოლეთიანი დისკრიმინაციის დადგენას მოითხოვს

პუბლიკა

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის” ლიდერი ვარლამ გოლეთიანი ქუთაისის ტრადიციული მუსიკის სკოლიდან გაუშვეს. ის ამ სკოლაში 2 წელია გალობის ისტორიას ასწავლიდა და როგორც „პუბლიკასთან” ამბობს, სკოლამ მიმდინარე სასწავლო წელს ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა.

გოლეთიანის თქმით, არაფორმალურ საუბრებში ამ გადაწყვეტილების მიზეზად ნამახვანჰესთან დაკავშირებით მის პროტესტს ასახელებენ. გოლეთიანი ამ მიზნით მის გათავისუფლებას პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციად მიიჩნევს და აპირებს, მიმართოს ომბუდსმენსაც.

„ორი სასწავლო წელია, რაც ტრადიციული მუსიკის სკოლაში ვმუშაობდი. 7 სექტემბერს კი ხელშეკრულება აღარ გამიგრძელეს. მოტივთან დაკავშირებით არაფორმალურად ეგ მითხრეს, რომ ჩემი აქტიურობა ნამახვანჰესის წინააღმდეგ იყო ამის საფუძველი. ეს ჩემი დასკვნები და ვარაუდები კი არაა, პირდაპირ მითხრეს, უბრალოდ არაფორმალურად, ფორმალურად არავინ დამიწერდა განცხადებაში, რომ პროტესტის გამო გამომიშვეს. 

ამას ადრეც მეუბნებოდნენ, მაგრამ მაშინ მედიაინტერესი უფრო მაღალი იყო პროტესტის მიმართ და „პრობლემა იქნებოდა მაშინ რომ გაგვეშვიო’- ასე მითხრეს პირდაპირ. ახლა კი, როცა უკვე 5 თვე გავიდა პროტესტის დასრულებიდან, ალბათ ჩათვალეს, რომ ჩაწყნარდა პროცესები და ხელსაყრელად მიიჩნიეს ეს მომენტი”, – ამბობს გოლეთიანი.

ის ასევე აღნიშნავს, რომ არაფორმალურ საუბრებში აღნიშნეს ისიც, რომ „ეს დირექტივა გუბერნატორ ზვიად შალამბერიძისგან მოდის”.

„უშუალოდ ვინც ჩემი გათავისუფლების ბრძანებას მოაწერა ხელი, ამ ადამიანის განწყობა და დამოკიდებულება ჩემ მიმართ არ იყო ცუდი, საკუთარი გადაწყვეტილებით ამ ადამიანს მე არ გავუშვივარ.

ასევე არაფორმალურად მითხრეს, რომ გუბერნატორიდან მოდის ეს დირექტივა. მე ვიცი, რომ არც ზვიად შალამბერიძეს პერსონალური და პირადი გადაწყვეტილება არ არის მხოლოდ, მე რომ გამომიშვეს ამ სკოლიდან, მაგრამ ამ შემთხვევაში დირექტივა ამ კაცისგან მიიღეს… პროექტის მენეჯმენტის ნაწილში სახელმწიფოს მხრიდან ზვიად შალამბერიძე იყო ჩართული. აქტიურად დადიოდა ჩვენთან”, – ამბობს გოლეთიანი.

გოლეთიანის თქმითვე, თავდაპირველად მას შესთავაზეს, რომ სამსახურიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე წასულიყო, „შემდეგ რაღაც სიტუაცია რომ შეიცვალოს, ჩვენი მხრიდან გაშვებული რომ არ იქნები, უფრო გაადვილდება შენი უკან მობრუნებაო”.

„თავისთავად ცხადია, ამაზე მე არ დავთანხმდებოდი, ვხედავ, რომ აბსოლუტურად პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია და დევნაა მიზეზი”, – ამბობს ის.

მისივე ცნობით, საგანში, რომელსაც ასწავლიდა, თავად შეადგინა პროგრამა და ამ დრომდე მისი ადგილი ვაკანტურია.

საიას ქუთაისის ოფისის დახმარებით მან შრომით დავაზე სარჩელი სასამართლოში უკვე შეიტანა. ასევე აპირებს დისკრიმინაციის დადგენის საკითხზე მიმართოს სახალხო დამცველსაც.

„სარჩელი საქალაქო სასამართლოში უფრო პროცედურულ საკითხებსა და შრომით უფლებებს ეხება, მაგრამ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის მიმართულებით ვედაოდა და ველოდები სახალხო დამცველის აპარატის რეაგირებას ამასთან დაკავშირებით. უახლოეს დღეებში მივმართავ, რომ დაადგინოს დისკრიმინაციის ფაქტი”, – ამბობს ის „პუბლიკასთან”.

ააიპ ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი ვაჟა ჯუღელი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლას უთითებს. აღნიშნული ააიპ ქუთაისის მერიას ეკუთვნის და მერიის შენობაშია განთავსებული.

„მთის ამბები“ გასული დღეების განმავლობაში ცდილობდა ააიპ ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორთან, ქუთაისის მერიის პასუხისმგებელ პირებთან და იმერეთის გუბერნატორთან დაკავშირებას, თუმცა მათგან განმარტება ვერ მიიღეს.

არასამუშაო დღეების გამო კომენტარის მიღება ამ დროისთვის ვერც „პუბლიკამ” შეძლო. გამოცემა მომდევნო დღეების განმავლობაში შეეცდება მიიღოს განმარტება ამ საკითხებზე.