საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებები ფრაგმენტულია.
მიქაუტაძის თქმით, ძირეულად არის შეცვლილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურები, ბევრ საფეხურს გადის როგორც საბჭო, ასევე საქართველოს პარლამენტი მაშინ, როდესაც საერთოდ არანაირი რეგულაცია არ არსებობდა.
„ასეთი ზოგადი კრიტიკა ყოველთვის თან სდევს ხოლმე პროცესს. ვისურვებდი, რომ მეტი კონკრეტიკა მოვისმინოთ ამ პრეტენზიებთან დაკავშირებით. იცით, რომ ძირეულად არის შეცვლილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურები და ძალიან ბევრ საფეხურს გადის როგორც საბჭო, ასევე საქართველოს პარლამენტი ამ პროცესში მაშინ, როდესაც საერთოდ არანაირი რეგულაცია არ არსებობდა. ამიტომ, ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ფრაგმენტულია ეს ცვლილებები, ამაში ვერ დავეთანხმები. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ინიციატივას, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის მიმართული ვენეციის კომისიების შესაბამისად, ბოლომდე შესრულებას ემსახურება“, – განაცხადა მიქაუტაძემ.
სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი მორიგი ცვლილებები ფრაგმენტულია და ვერ პასუხობს იმ გამოწვევებსა და პრობლემებს, რომლებიც არსებობს როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში, ასევე ზოგადად, სასამართლო ხელისუფლებაში.