„საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტი ფრაგმენტულია და ვერ პასუხობს გამოწვევებს - კოალიცია

პუბლიკა

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ მიიჩნევს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი მორიგი ცვლილებები ფრაგმენტულია და ვერ პასუხობს იმ გამოწვევებსა და პრობლემებს, რომლებიც არსებობს როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში, ასევე ზოგადად, სასამართლო ხელისუფლებაში. ამის შესახებ განცხადებას კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის” ავრცელებს. 

მათი თქმით, კოალიციამ, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებმა, პარლამენტს საკუთარი მოსაზრებები და რეკომენდაციები წარუდგინეს.  განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეკომენდაციების დიდი ნაწილი საქართველოს პარლამენტმა არ გაითვალისწინა.

„საქართველოს პარლამენტმა ასევე არ გაითვალისწინა კოალიციის რეკომენდაცია თანამდებობაზე არ გაემწესებინა უზენაესი სასამართლოს რიგი მოსამართლეები, რომელთა კვალიფიკაცია, კეთილსინდისიერება და სანდოობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

კოალიცია მიიჩნევს, რომ საქართველოს სასამართლო ხელისუფლებაში არსებულ ვითარებას შემოთავაზებული ცვლილებები ვერ შეცვლის. შეუძლებელია მოსამართლეთა შერჩევის პროცესის გაუმჯობესება თავად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირების გარეშე. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურების გაუმჯობესებამ უნდა მოიცვას, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატთა შერჩევის, ისე საქართველოს პარლამენტში კენჭისყრის ეტაპი“, – ნათქვამია გავრცელებულ განხცადებაში.

მათი თქმით, წარმოდგენილი კანონპროექტი ვერ იქონიებს არსებით გავლენას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში არსებულ იმ ფუნდამენტურ პრობლემებზე, რომლებიც არაერთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ანგარიშებში არის აღნიშნული.