„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (ყოფილი EMC), საია და „მწვანე ალტერნატივა“ ეხმაურებიან რიონის ხეობაში გუშინ, 11 აპრილს განვითარებულ მოვლენებს.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, გუშინდელმა მოვლენებმა უხეშად და დაუსაბუთებლად შეზღუდა ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება.
„ამასთან, მივიჩნევთ, რომ უკანასკნელ დღეებში ხელისუფლების მიერ გატარებულმა საპოლიციო მოქმედებმა განსაკუთრებულად მძიმე და უფლებაშემლახავი ფორმები მიიღო, რაც დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა შეწყდეს და ხელისუფლების მოქმედებები დაუბრუნდეს ადამიანის უფლებების დაცვის ჩარჩოს“, – ნათქვამია NGO-ების განცხადებაში.
გუშინ, 11 აპრილს რიონის ხეობაში პოლიციამ დაშალა სოფელ ნამოხვანში რიონის ხეობის მცველების კარვები, რომელიც პროტესტის ერთ-ერთი მონაწილის მიწაზე იდგა.
მათი თქმით, პოლიციის ამ მოქმედებას, დილიდან თან ახლდა განსაკუთრებულად დიდი საპოლიციო ძალის მობილიზება და მოძრაობის სრულად შეზღუდვა ნამოხვანის მიმართულებით, მათ შორის კარვების მიმართულებით გადაადგილება შეზღუდული ქონდათ პროტესტის ლიდერებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო ნამოხვანში კარვების დაშლის საფუძვლად სრულიად განსხვავებულ და წინააღმდეგობრივ ვერსიებს ასახელებდა. სამინისტრო ოფიციალური განცხადებით უთითებდა მდინარე რიონში წყლის დონის განსაკუთრებული მატებისა და მიმდებარე ტერიტორიის დატბორვის საფრთხეზე. თუმცა, ადგილზე სამინისტროს წარმომადგენლების მიერ კარვების დაშლის საფუძვლად სახელდებოდა მიმდინარე სამძებრო-სამაშველო სამუშაოების ხელშეშლა, ასევე ადგილობრივების არასანდო ქცევა და შედეგად, რიონში თავის დახრჩობის რისკები“,- წერია გავრცელებულ განცხადებაში.
ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საკუთარი მოქმედებების დასაბუთება სრულიად არათანმიმდევრული და არადამაჯერებელია და მიზნად რიონის ხეობის მცველების მშვიდობიანი და კანონიერი პროტესტის ხელშეშლას ისახავს, რაც მძიმე, გაუმართლებელი და არაპროპორციული ჩარევაა შეკრების და გამოხატვის თავისუფლებაში.
„აღნიშნულზე ასევე მიუთითებს რიონის ხეობის მცველების მიერ პოლიციისადმი არაერთხელ გაჟღერებული მიმართვა, არსებული კარვების აღების სანაცვლოდ მიეცათ მათთვის უშუალოდ სოფელ ნამოხვანში, ალტერნატიულ ტერიროტირიაზე კარვების გაშლის შესაძლებლობა, რაც სრულიად დაუსაბუთებლად უარყოფილი იქნა სამინისტროს მხრიდან. საბოლოოდ, პროტესტის მონაწილეები იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ სოფელ ნამოხვანში მათი პროტესტის ადგილი და გადასულიყვნენ სოფელ გუმათთან შეკრებილებთან. აღსანიშნავია, რომ 11 აპრილს გადაადგილების შეზღუდვა უშუალოდ ხეობის მცველების გარდა, შეეხოთ მედიის წარმომადგენლებსაც. „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ და „კოალიციამ მედიის ადვოკატირებისათვის“ ეს შეზღუდვა გაუმართლებლად მიიჩნიეს“, – წერია განცხადებაში.
მათი თქმით, კარვების დაშლის პარალელურად, გავრცელდა ინფორმაცია „ბანაკის ტერიტორიიდან ალკოჰოლური სასმელის ბოთლები ამოღების“ შესახებ, რაც პროტესტის მონაწილეების მიერ აღქმული იქნა მათი მოძრაობის დისკრედიტაციის მცდელობად.
„ამ ინფორმაციის სიზუსტესთან დაკავშირებულ ეჭვებს ამძაფრებს თავად დემონსტრანტთა ბანაკში დამკვიდრებული შინაგანაწესი და პრაქტიკა, მკაცრად გაკონტროლდეს ქცევის წესები, რაც ალკოჰოლის მოხმარებას კრძალავს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
კარვების აღების გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა 10 აპრილის შემთხვევა. „რიონის ხეობის მცველების“ კარავში მყოფ ერთ-ერთ პირს სამაშველო სამსახურები მდინარე რიონში ეძებენ.