დღეს 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე მსჯავრდადებულმა კიდევ 3-მა ადამიანმა დატოვა საპატიმრო. ისინი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდნენ.
პირველი, ვინც რუსთავის ქალთა პენიტენციური დაწესებულება დატოვა, ნანა სანდერი იყო. მას ციხესთან ოჯახის წევრები, მეგობრები და მხარდამჭერები დახვდნენ.
ნანა სანდერს 7 წელი ჰქონდა მისჯილი, თუმცა ბრალის აღიარებისა და საპროცესო გაფორმების შემდეგ, მას სასჯელის სახით განესაზღვრა 1 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა და 2-წლიანი პირობითი მსჯავრი.
„კარგია გარეთ ყოფნა, მაგრამ მე არ ვიმყოფები ახლა თავისუფალი ქვეყნის ტერიტორიაზე და ჩემი გათავისუფლებით არ გათავისუფლებულა საქართველო და არ გათავისუფლებულა ასევე უამრავი სხვა პოლიტპატიმარი.
რა თქმა უნდა მიხარია, მაგრამ საზეიმო ნამდვილად არაფერი მაქვს იმიტომ, რომ რა მდგომარეობაში თუნდაც ვტოვებ სხვა პატიმრებს იქნებიან ეს პოლიტპატიმრები, სინდისის პატიმრები თუ რიგითი პატიმრები…
რა თქმა უნდა, [საპროცესოს გაფორმებით] დედაჩემისთვის და ჩემი ოჯახისთვის სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ასე ვთვლი, რადგან ჩემი ოჯახის მიმართაც გამაჩნია პასუხისმგებლობა პირველ რიგში და შემდეგ უკვე ქვეყნის წინაშე…“, – თქვა სანდერმა პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ.
მას ბრალი ორი მუხლით ჰქონდა წარდგენილი: ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მოწოდება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ.
ნანა სანდერის შემდეგ გლდანის N8 პენიტენციური დაწესებულება დატოვეს აქტივისტმა ირაკლი ჩხვირკიამ და „ბათუმელმა მედროშემ“ ზურაბ ჭავჭანიძემ. მათაც ციხესთან ოჯახის წევრები და აქტივისტები დახვდნენ.
ჩხვირკიასაც და ჭავჭანიძესაც საპროცესოს პირობების მიხედვით რეალური სასჯელის სახით 1 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ და 2-წლიანი პირობითი მსჯავრი.
„გარეთ რომ უკეთესი ხვდებოდეს ადამიანს, უფრო ბედნიერი ვიქნებოდი, მაგრამ დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ის, რომ საპყრობილეს თავი დავაღწიე, მაინცდამაინც ბედნიერების საფუძველს არ მაძლევს“, – განაცხადა ირაკლი ჩხვირკიამ.
პროკურატურა ჭავჭანიძესა და ჩხვირკიას ჯგუფურად განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობასა და ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდა. მათ 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი.