„ნარკოდანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი გაიზარდა" | ნარკოპოლიტიკა 2022

ნათია ამირანაშვილი

საქართველოში მოქმედი ნარკოკანონმდებლობა პრევენციული ღონისძიებების გატარებაზე მეტად კვლავ სადამსჯელო მექანიზმების გამოყენებასა და მიწოდების შეზღუდვისკენაა მიმართული, – ამის შესახებ „სოციალური სამართლიანობის ცენტრი” საქართველოში 2022 წლის ნარკოპოლიტიკის ტენდენციებზე წერს.

ორგანიზაცია ანგარიშში აღნიშნავს, რომ 2022 წელს, წინა ორ წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი როგორც რეგისტრირებული ნარკოტიკული დანაშაულის, ისე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი.

მათივე კვლევით, არსებული მონაცემები, ძირითად შემთხვევებში, უახლოვდება პანდემიამდე არსებულ (2019) ნიშნულს. ეს თანაფარდობა ადასტურებს, რომ 2021-2022 წლების შემცირებული სტატისტიკა მეტწილად კოვიდრეგულაციების შედეგი იყო და ნაკლებად მიანიშნებდა ნარკოვითარების გაუმჯობესებაზე.

„2022 წელს რეგისტრირებული ნარკოტიკული დანაშაულის ჯამური მაჩვენებელი, 2021 წელთან შედარებით, 41%-ით გაიზარდა. 2022 წელს 5471 ნარკოდანაშაული დარეგისტრირდა, 2021 წელს კი ეს მაჩვენებელი 3873-ს შეადგენდა. ეჭვს არ ბადებს ის ფაქტი, რომ მზარდი სტატისტიკა უმთავრესად რეგულაციების შემსუბუქება-­მოხსნით უნდა იყოს განპირობებული, თუმცა, შესაძლოა, არსებობდეს დამატებითი ფაქტორებიც, რომლებიც გავლენას ახდენს მაჩვენებელზე”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

ძირითადი მიგნებები:

► 2021-2022 წლების ანტინარკოტიკულ სამოქმედო გეგმაში ხაზგასმულია საკანონმდებლო ბაზის დახვეწის საჭიროება, 2 თუმცა 2022 წელს ნარკოდანაშაულის მარეგულირებელ ნორმატიულ აქტებში არსებითი ცვლილება არ განხორციელებულა;

► საქართველოს პარლამენტი ვერ უზრუნველყოფს შესაბამისი ცვლილებების მომზადებას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების ეფექტიანად და დროულად აღსასრულებლად;

► საჯარო უწყებების დიდი ნაწილი ნარკოდანაშაულთან დაკავშირებულ ინფორმაციას არასრულყოფილად გასცემს. პრობლემურია სტატისტიკის წარმოების მეთოდოლოგიაც, რაც ხელს უშლის ეფექტიანი და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის განხორციელებას;

► საკონსტიტუციო სასამართლოს წარმოებაში აქვს ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებული არაერთი მნიშვნელოვანი კონსტიტუციური სარჩელი/წარდგინება, რომელთა განხილვაც ჭიანურდება;

► 2022 წელს რეგისტრირებული ნარკოტიკული დანაშაულის ჯამური მაჩვენებელი (5471), 2021 წელთან შედარებით (3873) გაზრდილია 41%-ით, რაც საანგარიშო პერიოდში დანაშაულის წლიური მატების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია;

► 2022 წელს გაიზარდა ნარკოტიკულ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების ჯამური მაჩვენებელი (4802) და ის მხოლოდ მცირედით ჩამორჩება პანდემიამდე არსებულ (2019 წლის) ნიშნულს (5120);

► საანგარიშო წელს ნარკოტიკულ დანაშაულებში მსჯავრდებულ პირებს ყველაზე ხშირად პირობითი სასჯელი ენიშნებოდათ (პირველი ინსტანციის სასამართლოების მიერ განხილულ საქმეთა 66%, რაც 10%-ით აღემატება 2021 წლის მაჩვენებელს) ყველაზე იშვიათად კი – საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა;

► 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, გაზრდილია ნარკოტიკულ შემოწმებაზე გადაყვანილი პირების რაოდენობა. ამასთანავე, მზარდია დადებითი შედეგის მქონე პირთა პროცენტული მაჩვენებელიც (72%);

► გაზრდილია საქართველოს პრეზიდენტის მიერ ნარკოდანაშაულში მსჯავრდებული პირების შეწყალების მაჩვენებელი – 2022 წელს პრეზიდენტმა ნარკოტიკულ დანაშაულში მსჯავრდებული 25 პირი შეიწყალა;

► კვლავაც პრობლემად რჩება ოპიოიდებით ჩანაცვლებითი თერაპიის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის საკითხი. გარდა ამისა, პენიტენციურ სისტემაში კვლავაც არ არსებობს ოპიოიდებით ჩანაცვლების გრძლევადიანი სამედიცინო პროგრამა;

► ოპიოიდებით ზედოზირების დროს გამოსაყენებელი პირველადი დამხმარე საშუალების – პრეპარატ „ნალოქსონის“ მარაგი სააფთიაქო ქსელებში მცირეა. შესაბამისად, დღის წესრიგში დგას მასზე ხელმისაწვდომობის პრობლემაც.

ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებული სტატისტიკა:

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი” წერს, წინა წლების მსგავსად, 2022 წელსაც, ნარკოტიკული დანაშაულებიდან ყველაზე გავრცელებული იყო:

• ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება შეძენა, შენახვა (სსკ-ის 260-ე მუხლი) – 2 723 რეგისტრირებული დანაშაული;

• კანაფის/მარიხუანის უკანონო შეძენა/შენახვა (სსკ-ის 2731ე მუხლი) – 1 562 რეგისტრირებული დანაშაული;

• ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა, მოყვანა, კულტივირება (სსკ-ის 265-ე მუხლი) – 953 რეგისტრირებული დანაშაული.

ორგანიზაცია განმარტავს, რომ 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა ნარკოტიკულ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი. ამასთანავე, საყურადღებოა, რომ 2022 წლის რაოდენობრივი მონაცემების შედარება უფრო რელევანტურია 2019 წლის სტატისტიკასთან, ვინაიდან 2019 წელი COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის დაწყებამდე ბოლო წელი იყო. შესაბამისად, 2019 და 2022 წლების მონაცემების შედარება არ მოითხოვს რეგულაციების გათვალისწინებას.

„2022 წელს ნარკოტიკულ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების ჯამური მაჩვენებელი მხოლოდ მცირედით ჩამორჩება 2019 წლის მონაცემებს, რაც ამ შემთხვევაშიც იმას ადასტურებს, რომ წინა ორი წლის განმავლობაში არსებული შედარებით პოზიტიური სურათი მეტწილად კოვიდრეგულაციების შედეგი შეიძლება ყოფილიყო და ძირითადი გამოწვევები ამ მიმართულებით არსებითად არ შეცვლილა.

2022 წელს ნარკოტიკული დანაშაულებიდან ყველაზე ხშირად სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო:

  • სსკ 260-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულზე (ნარკოტიკული საშუალების/მისი ანალოგის/პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა) – 1455-ჯერ;
  • სსკ 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულზე (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება) – 241-ჯერ;
  • სსკ 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულზე(განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება ) – 462-ჯერ;
  • სსკ 273 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულზე (მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა) – 230-ჯერ;

ძირითად შემთხვევაში 2019 წელს დევნის დაწყების რაოდენობრივი მაჩვენებელი მცირედით აღემატება 2022 წლის მონაცემებს. სსკ-ის 265-ე მუხლთან მიმართებით (დათესვა, მოყვანა, კულტივირება) კი, მდგომარეობა საპირისპიროა. ამ მუხლით სისხლისსამართლებრივი დევნა 2022 წელს 885 პირის მიმართ დაიწყო, 2019 წელს კი დევნის დაწყების მაჩვენებელი 732-ს შეადგენდა. 2019 წლის მონაცემებთან შედარებით დადებითი ტენდენცია მხოლოდ სსკ-ის 273-ე მუხლზე (მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების დამზადება/შეძენა/მოხმარება) აღინიშნება.

საანგარიშო წელს ნარკოტიკულ დანაშაულებში მსჯავრდებულ პირებს ყველაზე ხშირად სასჯელის სახით ჯარიმა ენიშნებოდათ, ყველაზე იშვიათად კი – საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა. თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის მაჩვენებელი ბოლო წლებში კლებადი ტენდენციით ხასიათდება, რაც დადებითად უნდა შეფასდეს. 2022 წელს ჯამში 415 პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა, რაც ნარკოტიკულ დანაშაულში მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობის 11%-ს შეადგენს, მაშინ როდესაც ეს მაჩვენებელი 2021 წელს 13.7% იყო, 2020 წელს კი – 20%”, – ვკითხულობთ ანგარიშში.