ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი შექმნა.
სამუშაო ჯგუფის მიზნად განისაზღვრა ნარკოტიკულ სამართალდარღვევებზე პრობაციისა და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე უფლებების ჩამორთმევის მდგომარეობის ანალიზი და პასუხისგებაში მიცემულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობის შესწავლა.
სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში არიან დეპუტატები: მიხეილ სარჯველაძე, დავით სერგეენკო, დიმიტრი ხუნდაძე, ნინო იობაშვილი, დავით მათიკაშვილი, ანა ნაცვლიშვილი, ნატო ჩხეიძე, იაგო ხვიჩია. ჯგუფს ხელმძღვანელობს კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე.
სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში მონაწილეობა ეთხოვა – იუსტიციის, შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროს. ასევე საქართველოს პროკურატურას. სამუშაო ჯგუფის მუშაობის ვადა განისაზღვრა 2 თვით.
საქართველოს მოქმედი კანონმდებლობთ, ნარკოდანაშაულის ჩამდენ პირს, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისა და სასჯელის შეფარდების პარალელურად, სასამართლოს მიერ ავტომატურად ეზღუდება დამატებითი სამოქალაქო უფლებები. კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულ პირს ავტომატურად ჩამოერთმევა ისეთი უფლებები, როგორიცაა სატრანსპორტო საშუალების მართვა, საჯარო დაწესებულებებში მუშაობის უფლება და სხვ. უფლებების ჩამორთმევის ვადა დამოკიდებულია ნარკოტიკული დანაშაულის ტიპზე და მისი ხანგრძლივობა 3-დან 20- წლამდე შეიძლება იყოს, რაც ამ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციას და დასაქმების შესაძლებლობას მნიშვნელოვნად ართულებს.