ნარკოტიკულ დანაშაულებზე ბრალდების მხარის მკაცრი მიდგომები თითქმის არ შეცვლილა - საია

პუბლიკა

„სხვა ტიპის დანაშაულებთან შედარებით, ნარკოტიკულ დანაშაულებზე მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიებები უფრო მეტად დაუსაბუთებელი ან არასაკმარისად დასაბუთებული და შაბლონური ხასიათისაა”, – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) სისხლის სამართლის პროცესების ოთხწლიანი მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს. ანგარიში ასახავს სისხლის სამართალწარმოების საკითხებს 2016 წლის მარტიდან 2020 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში, ასევე – ძირითად ტენდენციებს მონიტორინგის დაწყებიდან დღემდე.

„ნარკოტიკულ დანაშაულებთან მიმართებით ბრალდების მხარის მკაცრი მიდგომები თითქმის არ შეცვლილა. სასამართლო უმრავლეს შემთხვევაში აკმაყოფილებს პროკურატურის მიერ მოთხოვნილ პატიმრობას, თუმცა ხშირად ნარკოტიკულ დანაშაულებთან მიმართებით ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობები დაუსაბუთებელი ან არასათანადოდ დასაბუთებულია. საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილების მიუხედავად, კვლავ მწვავე პრობლემად რჩება ნარკოტიკული საშუალებების ოდენობების ე.წ. ნუსხის განახლება და არსებული სასჯელების გადახედვა, რათა ამ კატეგორიის დანაშაულებზე ბრალდებული/მსჯავრდებული პირები არ დაექვემდებარონ შეუსაბამოდ მკაცრ მიდგომებს.

სჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშემშლელი ფაქტორია ასევე მსჯავრდებულთათვის ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებების ავტომატურად, ინდივიდუალური შეფასების გარეშე ჩამორთმევა. მნიშვნელოვანია, სასამართლოს მიენიჭოს დისკრეცია ხსენებული უფლებების ჩამორთმევისა და მისი ხანგრძლივობის განსაზღვრის თაობაზე”, – აღნიშნავს საია.

გთავაზობთ ნარკოპოლიტიკის თავიდან ამონარიდებს:

„გირაოს შემთხვევაში ხშირად ირღვეოდა თანაზომიერების პრინციპი და მოთხოვნილი თანხა არ შეესაბამებოდა ბრალდებულის ქონებრივ მდგომარეობას. პროკურატურა, მაშინაც კი, როდესაც ამის შესაძლებლობა ჰქონდა, ნარკოტიკულ დანაშაულებზე არ აყენებდა შუამდგომლობას გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ შეთანხმების თაობაზე. აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის დროს ბრალდების მხარე ხშირად აპელირებდა მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეებზე, მაშინ, როდესაც საქმეში სულ ორი ან სამი პოლიციელი მოწმე ფიგურირებდა, ხოლო ნივთმტკიცება უკვე ამოღებული იყო. ასევე, პროკურატურა ზოგჯერ მიუთითებდა შესაძლო დანაშაულებრივი კავშირების არსებობაზე, ხოლო ამის დამადასტურებელ მტკიცებულებებს არ წარმოადგენდა. უმრავლეს შემთხვევაში კი აღნიშნავდა, რომ ნარკოტიკული ნივთიერების წარმომავლობისა და გამსაღებლის დასადგენად საჭირო იყო არაერთი საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, თუმცა ასეთი საქმეების უმრავლესობა, როგორც წესი, პირველი წარდგენის ეტაპზევე სრულდებოდა და შემდგომ ახალი მნიშვნელოვანი მტკიცებულების გამოკვეთა არ ხდებოდა.

საპროცესო შეთანხმების სხდომებზე გამოყენებული სასჯელები

ნარკოტიკული დანაშაულებისთვის სასამართლო მონიტორინგის შედეგების თანახმად, ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირების ნახევარზე მეტს საპროცესო შეთანხმება უფორმდება ჯარიმის გადახდის პირობით. მონიტორინგის შედეგები, შესწავლილი განაჩენების მსგავსად, აჩვენებს, რომ საპროცესო შეთანხმებით დასრულებული ნარკოტიკული დანაშაულებისთვის იშვიათად გამოიყენება რეალური თავისუფლების აღკვეთა, ხოლო თუ გამოიყენება, მხოლოდ მცირე ვადით და სხვა დამატებით სასჯელთან ერთად.

საქმის არსებითი განხილვით გამოტანილი სასჯელები

შესწავლილი განაჩენების შედეგად მიღებული მონაცემების მსგავსად, სასამართლო მონიტორინგი ავლენს, რომ ნარკოტიკული დანაშაულის საქმეები ძირითადად გამამტყუნებელი შედეგით სრულდება. 2018 წლის მარტიდან 2020 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში საიას მონიტორები დაესწრნენ ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებულ (სსკ-ის 260-ე მუხლი) 10 პროცესს, სადაც მოსამართლემ განაჩენი გამოიტანა. ათივე საქმეზე დადგა გამამტყუნებელი განაჩენი: 9 შემთხვევაში სასამართლომ მსჯავრდებულებს სასჯელად ვადიანი თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო 1 შემთხვევაში – თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაითვალა პირობითად.

რაც შეეხება სსკ-ის 273-ე და 2731 -ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს, დადგა სულ 2 განაჩენი და მსჯავრდებულებს სასჯელის სახედ განესაზღვრათ ჯარიმა, ერთ შემთხვევაში – 2 000 ლარის, ხოლო მეორე შემთხვევაში – 2 500 ლარის ოდენობით.

ერთ საქმეზე სასამართლომ პირი დამნაშავედ ცნო დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვაში (სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი). სასჯელის ზომად განუსაზღვრა მინიმალური სასჯელი – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. ხოლო საპროცესო შეთანხმებისას ანალოგიურ დანაშაულში მსჯავრდებულ პირებს, ძირითადად, არასაპატიმრო სასჯელი – პირობითი მსჯავრი, ჯარიმა, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა შეეფარდათ.

იმის დასადგენად, ნარკოტიკულ დანაშაულებზე გამოყენებული სასჯელები, სამართლებრივი შედეგის თვალსაზრისით, რამდენად იწვევს სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვისა და არსებითი განხილვის გარეშე (საპროცესო შეთანხმების გზით) განაჩენის გამოტანის შემთხვევებში ინდივიდების განსხვავებულ პირობებში ჩაყენებას, საიამ 5 სასამართლოდან – თბილისის, ქუთაისის ბათუმის, რუსთავის საქალაქო და თელავის რაიონული სასამართლოებიდან გამოითხოვა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთან დაკავშირებული როგორც არსებითი განხილვით დასრულებული საქმეების, ისე საპროცესო შეთანხმების შედეგად გამოტანილი განაჩენები.

საბოლოოდ, სასამართლოებიდან საიას მიეწოდა 2016-2020 წლებში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულზე საქმის არსებითი განხილვის შედეგად გამოტანილი 86 განაჩენი 92 პირის მიმართ და საპროცესო შეთანხმების შედეგად გამოტანილი 44 განაჩენი 44 პირის მიმართ.

შესწავლილი განაჩენები აჩვენებს, რომ ნარკოტიკული დანაშაულის საქმეები, უმეტესად, გამამტყუნებელი განაჩენით სრულდება. 86-დან მხოლოდ 3 (4%) საქმეზე, 3 ბრალდებულის მიმართ დადგა გამამართლებელი განაჩენი. ამ შემთხვევებში სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებდა პირთა ბრალეულობას. ნარკოტიკულ დანაშაულზე გამამტყუნებელი განაჩენი, ძირითადად, ეფუძნება სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელი მოწმეებისა და ქიმიური და ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნათა ერთობლიობას.

განაჩენების შესწავლამ ცხადყო, რომ ყველაზე ხშირად გამოვლინდა ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის, ჰეროინისა და მარიხუანის უკანონო დამზადების, წარმოების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვისა ან გადაგზავნის ფაქტები.

საგულისხმოა, რომ საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულების უმრავლესობა ნარკოტიკულ დანაშაულებზე წარდგენილ ბრალს აღიარებს. 53 (58%) შემთხვევაში ბრალდებულებმა აღიარეს დანაშაულის ჩადენა და უდავოდ გახადეს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რაც, შესაბამისად, სასამართლოს მხრიდან სასჯელის დანიშვნაზეც აისახა. თუმცა, მათ, როგორც წესი, ბევრად უფრო მკაცრი სასჯელი შეეფარდათ, ვიდრე საპროცესო შეთანხმებით ანალოგიური მუხლით მსჯავრდებულ პირებს.

სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-8 წლამდე ვადით. ის მძიმე კატეგორიის დანაშაულს მიეკუთვნება. არსებითი განხილვისას მოსამართლე მოკლებულია შესაძლებლობას, ბრალდებულს დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა – ჩაუთვალოს პირობითად. აქედან გამომდინარე, ყველა შემთხვევაში მსჯავრდებულ პირებს შეეფარდათ რეალური სასჯელი – საშუალოდ, 5-6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საპროცესო შეთანხმებით, ანალოგიური მუხლით ბრალდების საქმეებზე, 37 მსჯავრდებულიდან უმეტესობას – 23-ს (62%) არასაპატიმრო სასჯელი განესაზღვრა, დანარჩენ 14-ს (38%) კი საპატიმრო სასჯელი, ისიც ნაწილობრივ, პირობით მსჯავრთან ერთად.

განაჩენების დამუშავებით გამოიკვეთა ორი პრაქტიკულად იდენტური გარემოებების მქონე საქმე, სადაც ნარკოტიკული დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირები სამართლებრივად არსებითად უთანასწორო პირობებში აღმოჩნდნენ. ორივე საქმეში პირებს ბრალად ედებოდათ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის უკანონო შეძენა-შენახვა (სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი). არსებითი განხილვის შედეგად, პირს მიესაჯა ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, ხოლო ანალოგიური ბრალდების საქმეზე სხვა პირს, რომელთანაც გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, რაც სრულად ჩაეთვალა პირობითად იმავე გამოსაცდელი ვადით.

როგორც სასამართლო მონიტორინგი, ისე განაჩენების შესწავლა ადასტურებს, რომ ნარკოტიკული დანაშაულისთვის გათვალისწინებული მკაცრი სასჯელების გამო, არსებითად მსგავსი ბრალდების მიუხედავად, ბრალდებულები აშკარად შეუსაბამო და არათანასწორ მდგომარეობაში არიან, როდესაც პროკურატურა არ უფორმებს პირს საპროცესო შეთანხმებას და სასამართლო საქმეს არსებითად იხილავს. ასე დროს, სასამართლოს მხრიდან სასჯელის მინიმალური ოდენობის გამოყენების მიუხედავად, პირი მაინც გაცილებით მკაცრ დასჯას ექვემდებარება, ვიდრე ანალოგიურ დანაშაულში მსჯავრდებული პირი, რომელსაც საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.

შესაბამისად, როდესაც პროკურატურის მხრიდან არ ვლინდება კეთილი ნება და პირს არ უფორმდება საპროცესო შეთანხმება, ის სასჯელის თვალსაზრისით, სხვა პირებთან შედარებით, უფრო მკაცრად აგებს პასუხს და არსებითად უთანასწორო მდგომარეობაშია.

განაჩენების შესწავლამ ასევე აჩვენა, რომ პარლამენტის მხრიდან ნარკოტიკულ დანაშაულებზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების შესაბამისი ცვლილებების დაგვიანებამ პრაქტიკაში გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია”, – ნათქვამია ანგარიშში.

რეკომენდაციები:

  • კანონმდებლობით მოწესრიგდეს სისხლის სამართლის კოდექსის ნარკოტიკული დანაშაულის თავი და, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, დაწესდეს ადეკვატური, თანაზომიერი სასჯელები.
  • ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შევიდეს ცვლილება და ამ დანაშაულში მსჯავრდებულ პირებს ავტომატურად და სავალდებულოდ აღარ ჩამოერთვათ ხსენებული კანონით განსაზღვრული უფლებები, არამედ ეს საკითხი, ვადებთან ერთად, გადაწყვიტოს თავად მოსამართლემ.