მძიმე სოციალური ფონით განპირობებული დანაშაულები | საიას მონიტორინგის შედეგები

პუბლიკა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) სისხლის სამართლის პროცესების ოთხწლიანი მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს. ანგარიში ასახავს სისხლის სამართალწარმოების საკითხებს 2016 წლის მარტიდან 2020 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში, ასევე – ძირითად ტენდენციებს მონიტორინგის დაწყებიდან დღემდე.

საიას სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის ანგარიშების მნიშვნელოვანი მიგნება მძიმე სოციალური ფონით განპირობებული დანაშაულებია.

საია აღნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, ბრალდებულთა გაჭირვება დანაშაულის ჩადენის მოტივი გახდა, ხოლო მეორე მხრივ, სიდუხჭირემ კიდევ უფრო დაამძიმა მათი სამართლებრივი მდგომარეობა. ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ვითარება ტრაგიკულად აისახება გარკვეულ პირთა ქმედებებში. საქართველოში სიღატაკის გამო საარსებო შემწეობის მიმღებ მოქალაქეთა რაოდენობა წლიურად საშუალოდ 12-13%-ს შეადგენს.

როგორც საია წერს, ორგანიზაცია დაესწრო სასამართლო სხდომებს, სადაც იკვეთებოდა, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების ხარისხი, მოტივი და მიზანი გამომდინარეობდა სოციალური სიდუხჭირიდან. თუმცა, ამგვარ დანაშაულებთან მიმართებით ბრალდებისა და სასამართლო ორგანოების მიდგომები ყოველთვის არ იყო ადეკვატური. მონიტორინგმა გამოავლინა კონკრეტული ფაქტები, როდესაც გადაწყვეტილებების მიღებისას მათ მხედველობაში არ მიიღეს ზემოხსენებული გარემოებები.

გთავაზობთ ანგარიშიდან შესაბამისს თავს – მძიმე სოციალური ფონით განპირობებული დანაშაულები:

აღკვეთის ღონისძიების სხდომებზე გამოვლენილი ტენდენციები

საიას მონიტორები დაესწრნენ პირველი წარდგენის სხდომებს, სადაც ბრალდებულებს მათი მატერიალური მდგომარეობის გამო იმაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება შეეფარდათ, ვიდრე მათი სათანადო ქცევის უზრუნველსაყოფად იყო საჭირო.

საილუსტრაციო მაგალითები

ბრალი ედებოდა ქურდობაში (სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი), კერძოდ, ნივთების ქურდობაში ორი სხვადასხვა ავტომობილიდან, ზიანი – ჯამში 120 ლარი. პროკურორმა იშუამდგომლა პატიმრობის გამოყენება, რაც დაასაბუთა იმ გარემოებით, რომ ბრალდებულმა ეს ქმედება ჩაიდინა პირობითი მსჯავრის ქვეშ, ანალოგიურ დანაშაულზე არის მსჯავრდებული და არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი. ბრალდებული იყო 18 წლის, უსახლკარო, ცხოვრობდა ქუჩაში და არ გააჩნდა შემოსავალი. მან აღიარა დანაშაული და მხარი დაუჭირა პროკურორის შუამდგომლობას პატიმრობის შესახებ, რომელიც სასამართლომ დააკმაყოფილა.

ბრალად ედებოდა ეკლესიის ეზოში არსებული საქათმიდან 21 ქათმის მოპარვა (სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტები და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი), თითოეულის ფასი – 20 ლარი, ზიანი – ჯამში 420 ლარი. პროკურორმა იშუამდგომლა პატიმრობის გამოყენება, რაც იმ გარემოებით დაასაბუთა, რომ პირი წარსულში იყო მსჯავრდებული ქურდობისთვის, არსებობდა მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. ბრალდებულის ადვოკატმა განმარტა, რომ პირს აქვს მძიმე სოციალური ფონი, აღიარებს დანაშაულს და მოითხოვა გირაო 1000 ლარის ოდენობით. სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა.

დასახელებულ მაგალითებში, ბრალდებულთა მატერიალური მდგომარეობის გამო, მოსამართლეებმა ვერ შეძლეს მაღალი ოდენობის გირაოს შეფარდება, თუმცა არსებული საფრთხეების განეიტრალება გირაოს მინიმალური ოდენობით მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს. ხოლო, რადგან ალტერნატიული აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას კონკრეტული მოცემულობა არ იძლეოდა (პირადი თავდებობა არცერთ საქმეში წარმოდგენილი არ იყო, ხოლო გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ შეთანხმების ღონისძიება, წარდგენილი ბრალდებებისთვის დაწესებული სასჯელის ოდენობის გამო, ვერ შეეფარდებოდა), მოსამართლე იძულებული გახდა, ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გამოეყენებინა.

ქვემოთ იხილეთ კიდევ ერთი მაგალითი, სადაც პროკურატურა და სასამართლო მხედველობაში არ იღებენ სოციალურ ფაქტორს და მათი მხრიდან ვლინდება არასათანადო შემწყნარებლობა მატერიალურად გაჭირვებული ბრალდებულის მიმართ.

საილუსტრაციო მაგალითი

პროკურორმა 2000 ლარის ოდენობით გირაოს გამოყენება მოითხოვა ქურდობის საქმეში. მისი განმარტებით, ბრალდებული ფარულად დაეუფლა საფულეს, რითაც დაზარალებულს მიაყენა 15 ლარის ზიანი. პროკურორმა მხოლოდ მიმალვისა და დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე დაასახელა, რასაც ასაბუთებდა მხოლოდ დანაშაულის ხასიათითა და მოსალოდნელი მკაცრი სასჯელით. დაცვის მხარემ მოითხოვა პირადი თავდებობის გამოყენება და სხდომაზე წარმოადგინა 4 თავდები, რომლებიც საკუთარ თავზე აიღებდნენ ბრალდებულის სათანადო ქცევას. პროცესიდან ისიც გაირკვა, რომ ბრალდებულმა დანაშაული ჩაიდინა მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო, ხოლო მისი ოჯახი იყო სოციალურად დაუცველი. საბოლოოდ, მოსამართლემ პროკურორის არგუმენტები გაიზიარა და ბრალდებულს დააკისრა გირაოს გადახდა 1000 ლარის ოდენობით, რაც დაუსაბუთებელია, ვინაიდან პირადი თავდებობის გამოყენებითაც შესაძლებელი იქნებოდა აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევა.

ქმედების მცირე მნიშვნელობის საქმეებზე საპროცესო შეთანხმების გაფორმება

პრაქტიკაში პრობლემაა, ქმედების მცირე მნიშვნელობის მიუხედავად, გამამტყუნებელი განაჩენების დადგენა და, ზიანთან შედარებით, არაპროპორციული სასჯელების გამოყენება.

სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დანაშაულს არ წარმოადგენს ისეთი ქმედება, რომელიც ფორმალურად შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე ქმედების ნიშნებს, მაგრამ, მცირე მნიშვნელობის გამო, არ გამოუწვევია ისეთი ზიანი, რომელიც აუცილებელს გახდიდა პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

მცირე მნიშვნელობის განსაზღვრისას უნდა შეფასდეს, შეიცავს თუ არა კონკრეტული ქმედება საზოგადოებისთვის ისეთ საფრთხეს, რომ ის მიჩნეული იყოს სოციალურად საშიშ მოვლენად – დანაშაულად.

სასამართლო მონიტორინგი ცხადყოფს, რომ ბრალდებისა და სასამართლო ორგანოები სათანადო გულისხმიერებით არ ეკიდებიან სოციალური ფონით განპირობებულ დანაშაულებს. მათი რეაგირება უფრო მეტად ორიენტირებულია ბრალდებულთა დასჯასა და არა – მათ შემდგომ რეაბილიტაცია-რესოციალიზაციაზე.

საილუსტრაციო მაგალითები

პირს ბრალი ედებოდა 21 ლარის ღირებულების ჯართის ქურდობის მცდელობაში (სსკ-ის მე-19, 177-ე მუხლის პირველი ნაწილი). პროცესზე გამოიკვეთა, რომ ბრალდებულს ჰქონდა მძიმე სოციალური მდგომარეობა, მანამდე არ ყოფილა ნასამართლევი, მის ყოველდღიურ საქმიანობას წარმოადგენდა ურიკით ბარგის გადატანა. საპროცესო შეთანხმება დამტკიცდა შემდეგი პირობებით: 6 თვე თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაითვალა პირობითად და დაუდგინდა 1 წლიანი გამოსაცდელი ვადა.

საქმის ფაქტობრივი გარემოებებით დგინდება, რომ ერთ-ერთი მეტროს მიმდებარე მაღაზიიდან ბრალდებული შეეცადა, მოეპარა სხვადასხვა სახის პროდუქცია, რომლის ჯამური ღირებულება შეადგენდა 7 ლარს (სსკ-ის მე-19, 177-ე მუხლის პირველი ნაწილი). მოსამართლემ მოითხოვა შესვენება, გავიდა სათათბირო ოთახში და დაბრუნების შემდეგ ბრალდებულს ჰკითხა, იყო თუ არა მისთვის 1000 ლარის ოდენობის ჯარიმა სამართლიანი სასჯელი იმისთვის, რაც ჩაიდინა (7 ლარის ღირებულების პროდუქციის ქურდობის მცდელობა). ამაზე ბრალდებულმა უპასუხა, რომ სურდა საპროცესო შეთანხმების დადება.

საიას შეფასებით, ამგვარ დანაშაულებზე სახელმწიფოს რესურსი არ უნდა იხარჯებოდეს და უფრო ჰუმანური პრაქტიკა უნდა დამკვიდრდეს. ზემოთ მოცემულ შემთხვევებში სასამართლოს შეეძლო, არ დაემტკიცებინა საპროცესო შეთანხმებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილზე (ქმედების მცირე მნიშვნელობა) მითითებით, ან წინასასამართლო სხდომაზე შეეწყვიტა სისხლისსამართლებრივი დევნა. სამწუხაროდ, მონიტორინგს ამგვარი შემთხვევები არ გამოუვლენია. თავის მხრივ, დისკრეციული უფლებამოსილებიდან გამომდინარე, საპროცესო კოდექსის მიხედვით, პროკურორიც უფლებამოსილი იყო, უარი ეთქვა სისხლის სამართლებრივ დევნაზე, ან მიემართა დევნის ალტერნატიული მექანიზმის – განრიდებისთვის, რომელიც პირის ნასამართლობას გამორიცხავს.

განრიდების გამოყენება

გამოძიების ეტაპზე განრიდების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პროკურორი. თუმცა, შემდგომ, საქმის სასამართლოში წარმართვისას, მხარეები მიმართავენ სასამართლოს შუამდგომლობით ბრალდებულის განრიდების მიზნით საქმის პროკურორისთვის დაბრუნების თაობაზე. ამ შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია და არა – ვალდებული, რომ საქმე დაუბრუნოს პროკურორს, რომელიც ბრალდებულს შესთავაზებს განრიდებას.

იმის დასადგენად, რამდენად ხშირია პროკურატურის მხრიდან დევნის ალტერნატიული მექანიზმის – განრიდების გამოყენების შემთხვევები, საიამ საქართველოს გენერალური პროკურატურიდან გამოითხოვა ინფორმაცია 2016-2019 წლებსა და 2020 წლის 31 ივლისის ჩათვლით პერიოდში (თითოეული წლის ცალკეული მონაცემი) რამდენ სრულწლოვან პირს გაუფორმდა განრიდება. პროკურატურისგან ორგანიზაციამ მიიღო პასუხი, რომ მოთხოვნილი მონაცემების აღრიცხვას ისინი არ აწარმოებენ. ასევე, იმის შესაფასებლად, რამდენად ხშირად გამოიყენება განრიდება საქმის სასამართლოში გადაგზავნის შემდგომ, თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, თელავის, რუსთავის საქალაქო და თელავის რაიონული სასამართლოებიდან მონიტორინგის ჯგუფმა გამოითხოვა ინფორმაცია 2016-2019 წლებსა და 2020 წლის 31 ივლისის ჩათვლით პერიოდში რამდენ საქმეზე და რამდენი პირის მიმართ დაუბრუნა მოსამართლემ საქმე პროკურატურას განრიდებისთვის.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მოთხოვნილი ინფორმაცია არ გასცა იმ მიზეზით, ის რომ მოცემული სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვა/დამუშავებას არ აწარმოებს.

დადებითად უნდა შეფასდეს სასამართლოს მიერ პირთათვის განრიდებით სარგებლობის შესაძლებლობის მიცემის მაჩვენებელი.

მართალია, ბრალდების მხარე ზოგ შემთხვევაში იყენებს განრიდების მექანიზმს, თუმცა სასამართლოდან პროკურატურაში განრიდების მიზნით დაბრუნებულ საქმეთა მაჩვენებელი და სასამართლო მონიტორინგის შედეგები მეტყველებს იმაზე, რომ პროკურატურა ირჩევს მკაცრ სისხლისსამართლებრივ დევნაზე ორიენტირებულ მიდგომებს და ისეთ პირთა მიმართ, რომელთა განრიდების შესაძლებლობაც არსებობს, არ იყენებს მის დისკრეციას დაქვემდებარებულ ამ ჰუმანურ აქტს.

საიას შეფასებით, მძიმე სოციალური ფონით განპირობებულ დანაშაულებზე მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა აკისრია სახელმწიფოს, ხელისუფლების თითოეულ განშტოებას. ამიტომ, პროცესის მწარმოებელმა ორგანოებმა ყოველ კონკრეტულ საქმეზე ინდივიდუალური მიდგომით უნდა იხელმძღვანელონ და გადაწყვეტილებების მიღებისას, საჯარო ინტერესთან ერთად, მხედველობაში მიიღონ დანაშაულის ჩადენის მოტივი და ბრალდებულთა საშიშროების ხარისხი”, – ვკითხულობთ ანგარიშში.