დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ნარკოდანაშაულში მსჯავრდებულ პირთა გარკვეული კატეგორიისთვის პარლამენტში ამნისტიის პროექტს არეგისტრირებს.
დღეს პრესკონფერენციაზე ბესელიამ აღნიშნა, რომ ვინაიდან „ქართული ოცნების“ ხელისუფლება და საპარლამენტო უმრავლესობა ნარკოპოლიტიკის დაპირებულ რეფორმას არ ან ვერ ახორციელებს, მას ამნისტიის პროექტის ინიცირება უსამართლო სასჯელისგან ადამიანების გათავისუფლებისთვის გამოსავლად მიაჩნია.
„ნარკოპოლიტიკის რეფორმის გატარებას ეს პარლამენტი, როგორც ჩანს, არ ან ვერ აპირებს. ყოველ შემთხვევაში, ეს ნება არ ჩანს. ამიტომ ვაინიცირებ ამ კვირაშივე ამნისტიის კანონპროექტს, რათა უსამართლო სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდნენ ის პირები, რომლებიც ამ დრომდე სასჯელს იხდიან, პატიმრები, რომლებიც საპატიმრო დაწესებულებებში იმყოფებიან და ამაოდ ელოდებოდნენ არსებული უსამართლო კანონმდებლობის სამართლიან გადახედვას“, – განაცხადა ბესელიამ.
ვის შეეხება ამნისტიის პროექტი:
პარლამენტში ინიცირებამდე „პუბლიკას“ ამნისტიის პროექტის წერილობითი ვერსიაზე უარი უთხრეს. როგორც ბესელიამ დღეს პრესკონფერენციაზე სიტყვიერად განაცხადა, ამნისტიის პროექტი შეეხება:
► იმ პირებს, რომლებიც სასჯელს იხდიან ნარკოტიკული საშუალების შეძენის, შენახვის ან დამზადების ნიშნით კვალიფიცირებული დანაშაულისთვის და გათავისუფლდებიან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან;
► ეს პროექტი ასევე შეეხება იმ პირებს, რომლებიც სასჯელს იხდიან ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისთვის;
► ასევე, იმ პირებს, რომლებიც სასჯელს იხდიან მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვისთვის;
► ამავე პროექტის მიხედვით, სასჯელისგან გათავისუფლებულ პირებს ასევე უნდა მოეხსნათ ნასამართლეობა და უნდა აღუდგეთ ჩამორთმეული უფლებები;
დაინტერესებული მკითხველისთვის, უფრო კონკრეტულად, ბესელიას თქმით, ამნისტიის პროექტი შეეხება:
სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი, მეორე, მესამე და მე-6 ნაწილის (ა) ქვეპუნქტს (ანუ გასაღების გარეშე);
სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილის (ა) ქვეპუნტქს, თუ ეს განხორციელდა გასაღების მიზნის გარეშე;
და სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლს;
„არცთუ ისე მცირე რაოდენობის პატიმარი გვყავს ჩვენ დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რომლებიც უსამართლოდ იხდიან სასჯელს. უსამართლოდ ვამბობ იმიტომ, რომ ის ოდენობები, რაც არის დღეს განსაზღვრული, საკონსტიტუციო სასამართლომ რიგ შემთხვევებში უსამართლოდ მიიჩნია და დაავალა პარლამენტს ცვლილებების მიღება, მაგრამ პარლამენტს ეს ცვლილებები არ მიუღია. ამნისტიის პროექტი ამ კვირაშივე იქნება პარლამენტში და ვნახოთ, როგორი იქნება ხელისუფლების რეაქცია.
ეს არის ჰუმანური აქტი, სამართლიანი აქტი და ემსახურება იმ უსამართლობის აღმოფხვრას, რასაც ახლა განიცდიან ადამიანები, რომლებიც იმყოფებიან უსამართლო სასჯელის ქვეშ“, – განაცხადა ბესელიამ.
როგორც აფასებენ ამნისტიის პროექტს ნარკოპოლიტიკაზე მომუშავე ორგანიზაციები
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორიინგის ცენტრის (EMC) იურისტი გურამ იმნაძე „პულიკასთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნული პროექტის ინიცირება, ვინაიდან „სანამ ამ ქვეყანაში სრულყოფილი რეფორმა გატარდება, შუალედური ზომების გზით მაინც მოხდეს იმ ადამიანების დახმარება, რომლებიც დღემდე უსამართლო სასჯელს იხდიან“.
რაც შეეხება უშუალოდ ამ პროცესს, მისი თქმით, ორგანიზაციებს ჰქონდათ კომუნიკაცია ეკა ბესელიასთან და მის აპარატს რამდენიმე ეტაპად გაუზიარეს კიდეც მოსაზრებები.
„ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი ყველა მოსაზრება გაითვალისწინეს. შეიძლება, ეს ბუნებრივიცაა, თუმცა ჩვენთვის ფუნდამენტურია, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც უსამართლოდ იხდის სასჯელს, რაღაცნაირად დაფაროს ამ კანონპროექტმა და შეეხოს. რამდენად იძლევა კანონპროექტი ამის საშუალებას, ეს რთული სათქმელია, რადგან ინფორმაციაც კი არ გვაქვს სასჯელაღსრულების დეპარტამენტისგან, იუსტიციის სამინისტროსგან, რამდენი ადამიანი იხდის სასჯელს ამა თუ იმ ნარკოტიკული დანაშაულისთვის, ასევე, რა ნივთიერებებისთვის იხდიან საპატიმრო სასჯელს და რა ოდენობისთვის. ასეთი ინფორმაცია რომ გვქონოდა დამუშავებული უწყებებისგან, ეს გაადვილებდა ამ პროექტზე მუშაობას“, – ამბობს იმნაძე.
მისივე თქმით, ამნისტიის პროექტში, ძირითადად, აქცენტი გაკეთებულია მოხმარებასთან დაკავშირებულ დანაშაულზე, აგრეთვე, მცირე ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვაზე, იგულისხმება პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვა.
იმნაძე ამბობს, რომ პროექტი არ ფარავს კულტივაციას, რაც, მისი აზრით, ინიციატივის მთავარი ხარვეზია.
„ჩვენ ამაზე გავუზიარეთ კიდეც მოსაზრებები, თუმცა, პრაგმატულობიდან გამომდინარე – რომ ჯობია, მაქსიმალურად ვიწრო იყოს ეს კანონპროექტი, რათა მეტი შანსი ჰქონდეს პარლამენტში დეპუტატების მხარდაჭერის, ამ ლოგიკით არ გაიზიარეს ეს მოსაზრება“, – ამბობს იმნაძე.
ამასთან, იმნაძეს მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ კანონპროექტის საბოლოო, ინიცირებული ვერსია მოიცავდეს პირადი მოხმარების მიზნით ნარკოტიკული საშუალების დამზადების ქმედებებიც.
„ვიცით, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი კუსტარულად მოიხმარს ნარკოტიკულ საშუალებას. ისინი თავადვე ამზადებენ ხოლმე ამ ნივთიერებებს, ამიტომაც ამ ქმედებასაც რომ შეეხოს ეს კანონპროექტი, კარგი იქნება“, – ამბობს იმნაძე.
შეწყალების მექანიზმის გამოყენების აუცილებლობა
როგორც იმნაძე ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ამნისტიის პროექტი ფარავს ნარკოდანაშაულისთვის უსამართლოდ მსჯავრდებულთა ფართო სპექტს, საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ აღნიშნული ამნისტიის მიღმა დარჩნენ ის ადამიანები, რომლებიც ასევე არასამართლიანი სასჯელი აქვს მისჯილი. ამიტომ, სამართლიანი მიდგომის გათვალისწინებით, იმნაძე ამბობს, რომ ამგვარი შემთხვევებისთვის ამნისტიასთან ერთად მნიშვნელოვანი იქნებოდა პრეზიდენტის მიერ შეწყალების უფლებამოსილების გამოყენება. ანუ მისი თქმით, და ამ შემთხვევაში ყველაზე ეფექტური შეიძლება იყოს ამნისტია, გამოყენებული პრეზიდენტის შეწყალების მექანიზმთან ერთად.
„მიუხედავად იმისა, რომ, ერთი შეხედვით, ამნისტიის კანონი მსჯავრდებულების ფართო სპექტრს ფარავს, არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ამით ყველა იმ მსჯავრდებულმა შეიძლება ისარგებლოს, ვინც უსამართლო სასჯელს იხდის, იმიტომ, რომ ფორმალურად შესაძლებელია, ადამიანი იხდიდეს ისეთი მუხლით სასჯელს, რომელიც ერთი შეხედვით ჩანს, რომ არის ძალიან მკაცრი და მას არ შეეხოს ამნისტიის კანონი, თუმცა, რეალურად, ჩადენილი დანაშაული იყოს უმნიშვნელო და უსამართლო სასჯელს იხდიდეს ადამიანი, ამიტომ უნდა არსებობდეს მათ მიმართ რაღაც ზომების გამოყენების [შესაძლებლობა].
ამიტომაც, თუკი ამნისტიის კანონპროექტს მიიღებს პარლამენტი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეწყალების საჭიროება აღარ იქნება. პირიქით, ნამდვილად შეიძლება, კვლავაც არსებობდეს ინდივიდუალური საქმეები, რომლებზეც პრეზიდენტის მიერ შეწყალების გამოყენება იქნებოდა სამართლიანი და სწორი“, – ამბობს იმნაძე.
მისივე თქმით, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი შეწყალების უფლებამოსილებას, ფაქტობრივად, არ იყენებს ნარკოტიკული დანაშულისთვის მსჯავრდებული პირების მიმართ.
„რაც არ არის სწორი, რადგან ჩვენი ნარკოპოლიტიკა კვლავაც ისეთივე ხისტი და მკაცრია, როგორც წლების წინ იყო. ამიტომაც ამ მექანიზმის გამოყენება ასევე მნიშვნელოვანია“, – ამბობს იმნაძე.
მოკლედ, ნარკოპოლიტიკის არშემდგარი რეფორმის შესახებ
პარლამენტში 2017 წლის 22 ივნისს დარეგისტრირდა ნარკოპოლიტიკის ძირეული ცვლილებებისთვის კანონპროექტი. პროექტის ინიცირებული ვარიანტის ძირითადი არსი ის იყო, რომ ნარკოტიკული საშუალების მოხმარება და პირადი მოხმარების მიზნით მცირე ოდენობით ფლობა კრიმინალური პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებულიყო. პროექტი ასევე ითვალისწინებდა ყველაზე მწვავე პრობლემის – ნარკოტიკული საშუალებების ოდენობების ახლებურად განსაზღვრას. რეფორმის კონცეფცია ასევე ითავალისწინებდა, ე.წ. გადამისამართების კომისიების შექმნასაც, სადაც მულტიდისციპლინური გუნდი ადამიანს შესაბამის დახმარებას გაუწევდა.
რა ბედი ეწია ამ კანონპროექტს? – ინიცირებიდან დღემდე კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე არ გასულა. მასზე კენჭიც არ უყრია წამყვან იურიდიულ კომიტეტს. კომიტეტის მაშინდელი თავმჯდომარის ეკა ბესელიას თქმით, კანონპროექტთან დაკავშირებით უნდა გამართულიყო რამდენიმე სამუშაო შეხვედრა, საბოლოოდ შეჯერებულიყო პოზიციები.
დღეის მდგომარეობით, ამ კანონპროექტის ხუთივე ინიციატორიდან არცერთი აღარ არის საპარლამენტო უმრავლესობის წევრი. მათგან ორმა – აკაკი ზოიძემ და სოფიო ქაცარავამ, საპარლამენტო მანდატიც დატოვა. დიმიტრი ცქიტიშვილი და ირინა ფრუიძე პარლამენტში რჩებიან, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატები. ლევან კობერიძე კი ფრაქცია „დამოუკიდებელ დეპუტატებში“ გაწევრიანდა.