ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისთვის 4 პირს ბრალდება წარედგინა - პროკურატურა

პუბლიკა

პროკურატურის განცხადებით, „განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების“ უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე, 4 პირს ბრალდება წარუდგინეს.

როგორც პროკურატურა აცხადებს, შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს, რომელთა ნაწილი ერთ-ერთმა ბრალდებულმა საქართველოში უკანონოდ შემოიტანა.

„სამართალდამცველებმა ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალებები „მდმა“ და „ექსტაზი“ ამოიღეს“, – აცხადებს უწყება.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 262-ე და 273-ე პრიმა მუხლებით (ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვა და საქართველოში უკანონოდ შემოტანა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ოთხივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება“, – აცხადებს პროკურატურა.