ნარმანია: ბუნებრივ აირზე უფრო მაღალი ტარიფი შეიძლება დადგინდეს შეძლებული ოჯახებისთვის, რომელთაც აქვთ საცურაო აუზები და ათბობენ

პუბლიკა

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, მაღალი მოხმარების საოჯახო მეურნეობებისთვის, რომლებიც ბუნებრივ აირს, მაგალითად, აუზების გათბობისთვის იყენებენ, შედარებით მაღალი ტარიფი დაწესდება.

„ძალიან დიდი პოლიტიკური ბატალიები მოჰყვა და თითზე დაიხვია ოპოზიციამ და ცალკეულმა ვაი-ექსპერტებმა. სინამდვილეში, ეს არის მარეგულირებელი კომისიისთვის უფლებამოსილება, რომ საჭიროების შემთხვევაში, დაადგინოს მოხმარების მიხედვით სხვადასხვა მოცულობის ტარიფები.

შეიძლება, ვიფიქროთ, რომ მომხმარებლები, რომლებიც მცირე რაოდენობას მოიხმარენ, ესენი არიან რეგიონებში მცხოვრებლები, ეს არის სხვადასხვა კატეგორიის შეჭირვებული მოსახლეობა და ა.შ., რომელსაც მცირე მოხმარება აქვს, მისთვის ფინანსური ტვირთი იყოს დაბალი, ხოლო მაღალი მოხმარების საოჯახო მეურნეობებს, რომლებიც ძირითადად უფრო შეძლებული ოჯახები არიან, რომელთაც აქვთ იგივე საცურაო აუზები და ათბობენ ამ საცურაო აუზებს ბუნებრივი აირით ან ასე შემდეგ, მათთვის დადგინდეს ცოტათი უფრო სხვანაირი ან უფრო მაღალი ტარიფი.

ასეთი გამოცდილება არის სხვადასხვა ქვეყანაში. ჩვენც გვექნება ამის უფლებამოსილება, საჭიროების შემთხვევაში დავადგინოთ ასეთი დიფერენცირებული ტარიფები“, – თქვა ნარმანიამ.

პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც სემეკი უფლებამოსილია 2036 წლის 1-ელ იანვრამდე – წყალმომარაგების, ხოლო 2038 წლის 1-ელ იანვრამდე ბუნებრივი გაზის შემთხვევაში, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის დაადგინოს განსხვავებული ტარიფები მოხმარებული მოცულობების მიხედვით.

დღეის მდგომარეობით საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის დგინდება ბუნებრივი გაზის მოხმარების ტარიფები განაწილების ლიცენზიატების ოპერირების არეალების მიხედვით და თითოეული მოხმარებული კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის მოხმარების ტარიფი არ იცვლება მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის მიხედვით.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, ცვლილება არ ცვლის სატარიფო რეგულირების ძირითად პრინციპებს და წარმოადგენს მხოლოდ გარდამავალ პერიოდში მოქმედ მექანიზმს, რომელიც „მიზნად ისახავს სოციალური რისკების შემცირებასა და მომხმარებელთა კატეგორიებს შორის ტარიფების ცვლილების ეტაპობრივ განხორციელებას“.

კანონის ინიციატორები არიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები: შოთა ბერეკაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, თორნიკე ბერეკაშვილი, ლევან მაჭავარიანი, ანტონ ობოლაშვილი და ირაკლი მეზურნიშვილი.