ნარსიას აღენიშნება სახეზე მძიმე ფიზიკური დაზიანებები - ადვოკატი

პუბლიკა

ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილილაზე თავდასხმის საქმეზე დაკავებული გრიგოლ ნარსიას ადვოკატი აცხადებს, რომ ნარსიას სახეზე დაზიანებები აღენიშნება.

მისი თქმით, ნარსიამ დაზიანებები დაკავების დროს მიიღო.

„ბრალდებულს გრიგოლ ნარსიას, ნამდვილად აღენიშნება სახის არეში განსაკუთრებით მძიმე ფიზიკური დაზიანებები, საკმაოდ მძიმე დაზიანებები ჩემი ერთი შეხედვით. როგორც თავად განაცხადა გრიგოლ ნარსიამ, მას წინააღმდეგობა დაკავების დროს არ გაუწევია სპეცდანიშნულების რაზმისათვის.

[დაზიანება მიიღო] დაკავების დროს, როდესაც შევიდნენ სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები მაშინ მიიღო ეს დაზიანება, თუმცა ერთმა პიროვნებამ მიაყენა, რამდენიმე პიროვნებამ მიაყენა, თუ ვინ მიაყენა, ამასთან დაკავშირებით ის ვერ განმარტავს ამ ეტაპისთვის, იმიტომ რომ შესაბამისად გარკვეული ფსიქოლოგიური ზემოქმედების ქვეშ არის“,- განაცხადა ადვოკატმა.

ნარსიას ადვოკატები ამბობენ, რომ დანაშაულის მოტივად ნარსია გარკვეულწილად „ოჯახურ პრობლემებზე“ მიუთითებს და გამოთქვამენ ვარაუდს, რომ დანაშაული სოციალური პრობლემებითაა მოტივირებული.

ადვოკატები ამბობენ, რომ ნარსიას თქმით, ასაფეთქებელი მოწყობილობები არ იყო ნამდვილი, ბუტაფორია იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქუთაისში „საქართველოს ბანკის” ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1985 წელს დაბადებული გ.ნ. დააკავა.

უწყების ცნობით, შეიარაღებული პირი ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე “საქართველოს ბანკის” ფილიალში შეიჭრა და დიდი ოდენობის თანხის დაუფლების მიზნით 14 პირი მძევლად აიყვანა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა თავდამსხმელი ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა“, – აცხადებს შსს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს.