ნატა ფერაძის თქმით, სოფელ დიღომში თავს დაესხნენ

პუბლიკა

აქტივისტი ნატა ფერაძე ამბობს, რომ სოფელ დიღომში რამდენიმე პირი თავს დაესხა.

როგორც „პუბლიკასთან“ საუბარში იხსენებს, ის ორ მეგობართან ერთად საცხობში იყო შესული და იქიდან გამოსვლის დროს ერთმა პირმა მისი მისამართით აგრესიული გინება და შეურაცხყოფა დაიწყო, შემდეგ კი მათ გარშემო 10-მდე ადამიანი შეგროვდა.

„სოფელ დიღომში ვიყავით ჩემს საქმეზე, რაღაც სათბურს ვეძებდით. შევედით საცხობში, მე და ორი მეგობარი ბიჭი ვიყავით და რომ გამოვედით, ერთმა დაიწყო აგრესიული გინება და შეურაცხყოფა და თან ცდილობდა, გამოეწვია ბიჭები, რომ მათ დაერტყათ. ერთმა დაიწყო, ლაივსაც იღებდა და მერე 10-მდე პირი მოგროვდა, წრეში ჩაგვაყენეს და გაგვრეკეს მანქანისკენ. არ ავყევით პროვოკაციას.
მანქანაში ჩავსხედით და მივედით პოლიციაში. პოლიციამ გვითხრა, რომ ამოვიღებთ ვიდეოთვალს და ვიქონიებთ რეაგირებასო“, – თქვა მან.

ნატა ფერაძის ინფორმაციით, პოლიციამ ადმინისტრაციული საქმისწარმოება დაიწყო.

„პუბლიკა“ დაუკავშირდა შსს-ს. მათგან ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

ნატა ფერაძე აგრესიული ჯგუფების მუქარის და თავდასხმის მსხვერპლი გასულ თვეს გახდა, როცა სამების ეკლესიაში სტალინის გამოსახულებიანი ხატისთვის საღებავის შესხმის ვიდეო გაავრცელა.

ძალადობრივი პრორუსული „ალტ-ინფოს“ მიერ ორგანიზებული აგრესიული ჯგუფი მის სახლთან მივიდა და ნატა ფერაძის დასჯას მოითხოვა.

ფერაძემ განაცხადა, რომ თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს და პოლიციას მიმართა. მან უწყებას მუქარის შემცველი შეტყობინებები გადასცა და დაცვა მოითხოვა. მომდევნო პერიოდში აქტივისტი თავის ადგილსამყოფელს ასაიდუმლოებდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სტალინის გამოსახულებიანი ხატისთვის საღებავის შესხმის საქმეზე ფერაძე სამართალდამრღვევად ცნო და 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.