ნატალია ყიფშიძე: სასამართლოდან დამირეკეს, 20 მაისს პროცესია დანიშნული

პუბლიკა

მსახიობი და რუსული კანონის წინააღმდეგ აქციების მონაწილე, ნატალია ყიფშიძე წერს, რომ დაურეკეს და უთხრეს, რომ 20 მაისს მისი პროცესია ჩანიშნული. როგორც ყიფშიძე სოციალურ ქსელში წერს, მის წინააღმდეგ შედგენილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი.

„გახსოვთ რამდენიმე დღის წინ სიცილით რომ მოვყევი ბოტებმა ჩემი ნომერიც გაიგესთქო? თურმე სასამართლოდან მირეკავდნენ. 20 მაისს პროცესია დანიშნული: ჩემზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არის შედგენილი 174 პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით, რომელიც შეკრებისა და მანიფესტაციის ნორმების დარღვევას ითვალისწინებს.

წელს 23 წლის ვხდები და ამ წლების განმავლობაში არცერთ წარმოდგენილ სცენარში სასამართლოში არ ვმჯდარვარ. არცერთ წარმოდგენილ სცენარში არ მითვალთვალებდა ადამიანი და მანქანით არ მომყვებოდა. თვეზე მეტია აქციაზე ვართ, ვიბრძვით სამშობლოსთვის. ვიბრძვით იმ გარემოს შესაქმნელად რომლისგანაც გაქცევის სურვილი არ გვექნება. ვიბრძვით სამართლიანობისთვის. ვიბრძვით იმისთვის რომ უსაფრთხო ქვეყანაში ვიცხოვროთ. ვიბრძვით იმისთვის რომ ოკუპანტებისთვის ჩვენი მიწა “დაჩა” არ გახდეს.

ამ სასამართლოში დაბარებით უნდათ რომ შემეშინდეს, ჩავიკეტო სახლში და გამოსვლა არ მომინდეს. თუ გავჩერდებით და პირის ამოკერვის უფლებას მივცემთ ისედაც გავიღვიძებთ ისეთ რეალობაში რომელშიც სახლში გამოკეტვას გვაიძულებენ. დღეს ცდილობენ სიტყვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას: თურმე ქვეყნის სიყვარული სამართლებრივ ჩარევას მოითხოვს. მე მაინც სწორ მხარეს ვდგავარ იქ სადაც რუსულ რეჟიმს არაფერი ესაქმება და შიშის ფაქტორი მხოლოდ დედაჩემის რისხვა დარჩება მასზე მაღლა ვერ ახვალთ”, – წერს ის.

„სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ იურისტის, საბა ბრაჭველის ცნობით, თუ პირს გამოკითხვაზე დაიბარებენ, მას შეუძლია უარი თქვას განყოფილებაში გამოკითხვაზე; დასთანხმდეს მხოლოდ მოსამართლის წინაშე ინფორმაციის მიცემას და დაელოდოს შესაბამის ორდერს; ამასთან:

  • თუ ორდერი გამოგიგზავნეს, მიდიხართ სასამართლოში აუცილებლად ადვოკატთან ერთად.
  • არ აქვთ უფლება, ქუჩაში გაგაჩერონ და განყოფილებაში წასვლა გაიძულონ;
  • არ აქვთ უფლება, სახლში მოგიკაკუნონ და შემოსვლა მოითხოვონ;
  • არ აქვთ უფლება, დაგემუქრონ „შედეგებით”, თუ გამოკითხვაზე მისვლაზე უარს განაცხადებთ.