„ნათესავი ყველასა ჰყავს და ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცა სხვა გზით ეხმარება მას“ – ანზორ ბოლქვაძე TI-ის კვლევაზე

პუბლიკა

შუახევის, ხულოსა და ქედის მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მოკვლევას, რომელშიც ნათქვამია, რომ მან მოქმედ და წინა ხელისუფლებასთან ახლო კავშირით და, შესაბამისად, გავლენით უზრუნველყო ოჯახის, ასევე, ნათესავებისა და სხვა დაახლოებული პირების ქონებისა და შემოსავლების მკვეთრი ზრდა სახელმწიფო შესყიდვების ხარჯზე.

პარლამენტის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს.

„ნათესავი ყველასა ჰყავს და ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცა რაღაცა წესით, სხვა გზით ეხმარება მას. მე ზუსტად უკვე მესამე მოწვევის პარლამენტის წევრი ვარ. შემიძლია, ღიად განვაცხადო, არასოდეს არავის ტენდერში არ ჩავრეულვარ. უნათესავო და უჯიშო რომ ვყოფილიყავი, მესამეჯერ პარლამენტის წევრი ნამდვილად არ ვიქნებოდი.

ნათესავიც მყავს, ბიძაშვილიც მყავს, მეგობარიც მყავს, მეზობელიც მყავს  და ასე შემდეგ, მაგრამ ერთი ის ვიცი – ყველას მისი ცხოვრება აქვს, ყველა თავისი ცხოვრებით იკაფავს გზას.

არსებობს ჩემი დეკლარაცია, სადაც ნაჩვენებია ჩემი ქონებაც, შრომაც და რა გამაჩნია. ასე რომ, ვის რატომ დასჭირდა და რატომ არის, რომ თითქოს ჩემს მამიდაშვილს არ უნდა ჰქონდეს სამუშაო, ჩემი შვილი, რომელსაც მისი ცხოვრება აქვს, რიგით თანამშრომლად არ უნდა იყოს სადმე სამსახურში? ეს ჩემთვის გაუგებარია”, – განუცხადა ბოლქვაძემ პარლამენტში ჟურნალისტებს.


„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევით:

► ანზორ ბოლქვაძის ოჯახმა ამ წლების განმავლობაში დაირეგისტრირა სასტუმროები ბეშუმსა და გოდერძის სამთო კურორტზე, რომელთაც ათეულ ათასობით კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთები ეკუთვნით;

► 2008 წელს მაჟორიტარად არჩევიდან მალევე, მისი შვილი როლანდ ბოლქვაძე აჭარის საგზაო დეპარტამენტში დასაქმდა. ამჟამად იგი ლოჯისტიკის სამსახურის უფროსი და სატენდერო კომისიის წევრია;

► დეპუტატის ნათესავების კომპანიებმა: „აისმა“, „ქედემ“ და „გიგა 2015“-მა ბოლო 5 წელიწადში ამავე დეპარტამენტიდან და აჭარაში მოქმედი სხვა შემსყიდველი ორგანიზაციებიდან სახელმწიფო ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების გზით 6 მილიონ ლარამდე მიიღეს. ამ კომპანიებისთვის უკონკურენტო გარემოს ხელოვნურად შექმნა, TI-ის აზრით, უნდა გახდეს საგამოძიებო ორგანოების მოკვლევის საფუძველი.