NATO-მ 2008 წელს დაადასტურა, რომ მისი კარი ღიაა უკრაინასა და საქართველოსთვის - ბლინკენი

პუბლიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის კარი საქართველოსა და უკრაინისთვის ღიაა და გადაწყვეტილება არ შეიცვლება.

ბლინკენმა ამის შესახებ NBC-ის ეთერში, რუსეთის ხელისუფლების საპასუხოდ ისაუბრა, რომელიც მოითხოვს დასავლეთისგან, უკან წაიღოს ბუქარესტის სამიტზე გაკეთებული ჩანაწერი, რომ საქართველო და უკრაინა ალიანსის წევრები გახდებიან.

„ალიანსი, დაარსების დღიდან ძალიანც მკაფიოდ ამბობდა, რომ მისი კარი ღია იქნებოდა ნებისმიერი ევროპული ქვეყნისთვის, რომელიც წევრობას მოისურვებდა და აუცილებელ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებდა.

ალიანსმა 2008 წელს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი კარი ღიაა უკრაინისა და საქართველოსთვისაც. თუკი ისინი გააგრძელებენ სწრაფვას წევრობისკენ და დააკმაყოფილებენ მოთხოვნებს, ეს საკითხი წინ წაიწევს“, – განაცხადა ბლინკენმა.

სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ამ საკითხებთან დაკავშირებით ისაა საინტერესო, რომ პუტინი თავად უწყობს ხელს ალიანსის გაფართოებასა და აღმოსავლეთ მიმართულებით სამხედრო გაძლიერებას.

„ყველაზე გასაოცარი კი ამ ყველაფერთან დაკავშირებით ისაა, რომ თუკი 2014 წელს დავუბრუნდებით, როდესაც რუსეთი უკრაინაში შევიდა, ვნახავთ, რომ ყველაფერს, რისი თავიდან აცილებაც, პრეზიდენტ პუტინის განცხადებით მას სურს, თავად უწევს პროვოცირებას.

სიმართლე რომ ვთქვათ, სანამ ის 2014 წელს ყირიმს ჩაიგდებდა ხელში და აღმოსავლეთ უკრაინაში შევიდოდა, უკრაინაში დიდი საჯარო მხარდაჭერა არ ჰქონია NATO-ში დაუყოვნებლივ გაწევრებას. ეს შეიცვალა.

ასევე, NATO-ს უკეთ უნდა დაეცვა თავი, უკეთ მომზადებული ძალები უნდა ჰყავდეს რუსეთთან ახლოს. რაზეც პუტინი ასევე ამბობს, რომ არ სურს. ის, ძირითადად, თავად უწყობს ხელს იმის დაჩქარებას, რისი თავიდან აცილებასაც ცდილობს“, – განაცხადა ბლინკენმა.

თუმცა, ენტონი ბლინკენის თქმით, ის კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ დეესკალაციისა და დიპლომატიის გზა ბევრად უკეთესია და ეს კარგად იცის თავად პუტინმაც.

„პრეზიდენტმა პუტინმა იცის, რა შედეგები მოჰყვება აგრესიას. ასევე, ვფიქრობ, მან იცის, რომ ამ გზის გაყოლა მის ინტერესებშივე არ შედის“, – დასძენს ბლინკენი.