NATO-მ შვედეთი და ფინეთი ალიანსში ოფიციალურად მიიწვია

პუბლიკა

მას შემდეგ, რაც თურქეთმა შვედეთისა და ფინეთის ალიანსში გაწევრებაზე თანხმობა განაცხადა, მადრიდის სამიტზე NATO-მ სკანდინავიური ქვეყნები ალიანსში ოფიციალურად მიიწვია.

„ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრება მათ უფრო დაცულს გახდის, NATO-ს – უფრო ძლიერს, ევროატლანტიკურ სივრცეს კი მეტად უსაფრთხოს.

ფინეთისა და შვედეთის უსაფრთხოება ალიანსისთვის მნიშვნელოვანი საკითხია, მათ შორის, გაწევრების პროცესში“, – ნათქვამია NATO-ს წევრი სახელმწიფოების ლიდერთა განცხადებაში.

შვედეთი და ფინეთი NATO-ში გაწევრების პროცედურას დაიწყებენ, თავის მხრივ კი ალიანსის 30-ვე წევრი ქვეყნის პარლამენტმა მათი წევრობის რატიფიცირება უნდა მოახდინოს.

ამას, NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ იმედოვნებს, რომ რატიფიცირების პროცესი მალე დასრულდება. სტოლტენბერგის თქმით, ალიანსის წევრმა სახელმწიფოებმა გამოხატეს მზაობა, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაიარონ რატიფიცირების პროცესი.