NATO მოუწოდებს რუსეთსა და სირიის ხელისუფლებას შეაჩეროს იდლიბზე იერიში

პუბლიკა

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მოუწოდებს სირიის ხელისუფლებას და რუსეთს შეაჩერონ იდლიბის რეგიონზე იერიში. Reuters-ის ინფორმაციით გენერალურმა მდივანმა თურქეთს სოლიდარობა ალიანსის ელჩების შეხვედრის შემდეგ გამოუცხადა.

„მოვუწოდებთ რუსეთსა და სირიის რეჟიმს შეაჩერონ თავდასხმები, შეაჩერონ მასობრივი საჰაერო იერიშები… ასევე მოვუწოდებთ რუსეთსა და სირიის რეჟიმს, რომ სრული პასუხისმგებლობით მოეკიდონ საერთაშორისო კანონმდებლობას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგის თქმით, NATO მოუწოდებს რუსეთსა და თურქეთს სრულად ჩაერთონ გაეროს იმ მცდელობებში, რომელიც კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას ისახავს მიზნად.

დღეს თურქულმა მედიამ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის მცირე სატელეფონო საუბარი შედგა, რომელშიც ერდოღანი და პუტინი შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რათა განიხილონ იდლიბში შექმნილი კრიზისის გადაწყვეტის გზები.


წუხელ იდლიბში მყოფ თურქ სამხედროებზე საჰაერო თავდასხმა მოხდა. დაბომბვას თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით, 33 ჯარისკაცი ემსხვერპლა.

თურქული მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საგანგებოდ უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია. ასევე, გავცელებული ინფორმაციით, იდლიბში არსებულ სიტუაციაზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტელეფონით ესაუბრა NATO-ს გენერალურ მდივანს.

სირიის ჩრდილო-დასავლეთით იდლიბის რეგიონზე კონტროლის აღსადგენად სირიის სამთავრობო ძალები რუსეთის სამხედრო მხარდაჭერით იბრძვიან. ხოლო თურქეთი, თავის მხრივ, პროთურქულ ჯგუფებს უჭერს მხარს, იდლიბში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებში ეს თურქ ჯარისკაცთა პირველი მსხვერპლი არ არის, თუმცა ასეთი მასირებული შეტევა უშუალოდ თურქ სამხედროებზე პირველად მოხდა.