NATO-ს კომუნიკე საქართველოს ალიანსში გაწევრების პერსპექტივას ისევ ადასტურებს

პუბლიკა

NATO-ს ვილნიუსის სამიტზე ალიანსის ტრადიციული კომუნიკე გამოქვყენდა. კომუნიკე მოკავშირეების ერთობლივი დოკუმენტია, რომელიც NATO-ს მიმდინარე პოლიტიკას ეხება არაერთი მიმართულებით. 2023 წლის სამიტზე შექმნილ კომუნიკეში საუბარია საქართველოს შესახებაც. ალიანსის წევრები კიდევ ერთხელ გამოხატავენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას და მოუწოდებენ რუსეთს, რომ მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება უკან წაიღოს და გაიყვანოს თავისი ჯარი.

კომუნიკეში ალიანსის წევრები კიდევ ერთხელ ახსენებენ ბუქარესტის სამიტს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მოკავშირეები ადასტურებენ, მომავალში წევრობის სამოქმედო გეგმით საქართველო NATO-ს წევრი გახდება, თუმცა პროგრესის მისაღწევად საჭიროა რეფორმების გატარებაც.

„ჩვენ ვადასტურებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღაირებულ საზღვრებში. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ საქართველოს უფლების მხარდასაჭერად, რომ ქვეყანამ თავად გადაწყვიტოს თავისი მომავალი და საგარეო პოლიტიკა გარეშე ჩარევისგან თავისუფლად.

მოვუწოდებთ რუსეთს, რომ გაიყვანოს ძალები საქართველოდან, სადაც ისინი თანხმობის გარეშე არიან განლაგებული. ამის გარდა, მოვუწოდებთ რუსეთს, რომ უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება; დაასრულოს ამ რეგიონების მილიტარიზაცია და მცდელობები, რომ ძალით მოსწყვიტოს ისინი დანარჩენ საქართველოს სასაზღვრო ნაგებობის მსგავსი ბარიერების შექმნით; შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევა, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების თვითნებური დაკავებები და შევიწროება.

ძალიან ვაფასებთ საქართველოს არსებით წვლილს NATO-ს ოპერაციებში, რაც ადასტურებს მის ერთგულებასა და შესაძლებლობას, წვლილი შეიტანოს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. ჩვენ კვლავინდებურად მზად ვართ, სრულად გამოვიყენოთ NATO-საქართველოს კომისია და ყოველწლიური ეროვნული პროგრამა (ANP) საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგისა და პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

ჩვენ კვლავ ვადასტურებთ 2008 წლის ბუქარესტის NATO-ს სამიტის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება გაწევრების სამოქმედო გეგმით (MAP), რაც პროცესის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ჩვენ ამ გადაწყვეტილების ყველა დეტალს ვადასტურებთ კვლავინდებურად.

მივესალმებით გაუმჯობესებული NATO-ს არსებითი პაკეტის რეალიზების პროცესში მიღწეულ პროგრესს. ეს მოიცავს კრიზისების მართვას, კიბერუსაფრთხოებას, სამხედრო ინჟინერიას, ელექტრონული კომუნიკაციების დაცვას, ისევე როგორც ახალ ინიციატივებს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული თავდაცვისა და საწვრთნელი შესაძლებლობების სფეროებში.

ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის, საქართველომ უნდა მიაღწიოს პროგრესს რეფორმებში, მათ შორის, ძირეული დემოკრატიული რეფორმების მხრივ და საუკეთესოდ გამოიყენოს ყოველწლიური ეროვნული პროგრამა (ANP)“, – ნათქვამია NATO-ს ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი ლიეტუვაში, ვილნიუსში 11-12 ივლისს იმართება.