NATO-ს ოფიციალურ პირი: შეშფოთებული ვართ NATO-სა და EU-ს შესახებ საინფორმაციო ცენტრის დახურვით

პუბლიკა

„ევროსკოპის“ შეკითხვას, როგორ აფასებს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი საქართველოში ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დახურვას, ნატოს ოფიციალურმა პირმა უპასუხა, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შეშფოთებულები არიან.

„ეს იქნება მნიშვნელოვანი დანაკარგი, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ქართველ ხალხს სჭირდება მეტი ფაქტობრივი ინფორმაცია ალიანსის და საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების შესახებ. 2005 წლის შემდეგ, როდესაც ცენტრი შეიქმნა, რეგიონული და ადგილობრივი ოფისების ქსელების ჩათვლით, ის საკვანძო როლს ასრულებდა საზოგადოების ცნობადობის გაძლიერებაში ნატოსა და მისი ორმხრივად სასარგებლო პარტნიორობის შესახებ საქართველოსთან.

ცენტრი ღირებული პარტნიორია ნატოს სახალხო დიპლომატიის სექციისთვის და ნატოს სამეკავშირეო ოფისისთვის საქართველოში სახალხო დიპლომატიის ინიციატივების განსახორციელებლად. ქვეყნის რეგიონების მასშტაბით. ქართველმა ხალხმა მკაფიოდ განაცხადა, რომ სურს დემოკრატიული, აყვავებული მომავალი ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ოჯახში. ეს სტრატეგიული მიზანი ასევე დევს საქართველოს კონსტიტუციაში.“ –  უპასუხა NATO-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა “ევროსკოპს”.

ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია 4 ივნისს გავრცელდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ ცენტრი „რეორგანიზაციის შედეგად გადმოდის ცენტრალურ აპარატში“.

მოგვიანებით გავრცელდა  სსიპის საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ დირექტორის თამარა წულეისკირი განცხადება. 

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საგარეო საქმეთა სამინისტროში ხორციელდება კომპლექსური რეფორმა. სტრუქტურული ცვლილებები ეხება როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე მის სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს.

„სამინისტროს ახალი სტრუქტურის შესაბამისად, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ფუნქციებს სამინისტროს ცენტრალური აპარატის ევროინტეგრაციის დეპარტამენტი განახორციელებს. შესაბამისად, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ მოსახლეობის ცოდნისა და მართლშეგნების ამაღლება, უკვე სამინისტროს დებულების თანახმად, გახდა მთლიანად სტრუქტურის საქმიანობისა და მისი მთავარი ამოცანების შემადგენელი და განუყოფელი ნაწილი.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ რეორგანიზაციის პროცესი ხორციელდება სრულიად გამჭვირვალედ და თითოეულ თანამშრომელს მიეწოდება ინფორმაცია მიმდინარე ცვლილებების შესახებ. შესაბამისად, საგარეო უწყების რეფორმასთან დაკავშირებით გავრცელებული სპეკულაციები მიზნად ისახავს დესტრუქციას და პროცესის დისკრედიტაციას, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს მიმდინარე რეფორმის აუცილებლობას“,- აცხადებს თამარა წულეისკირი.