„NATO შეგიძლიათ დაივიწყოთ" - ტრამპი უკრაინაზე

პუბლიკა

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ომის დასრულებასთან დაკავშირებით უკრაინასთან მოლაპარაკებების პროცესში ვლადიმერ პუტინს „მოუწევს” დათმობებზე წასვლა, თუმცა ტრამპი არ ამბობს, რა იგულისხმება „დათმობებში”.

„დიახ, ის ამას გააკეთებს”, – განაცხადა ტრამპმა, როცა ჰკითხეს, წავა თუ არა პუტინი დათმობებზე. – „მას მოუწევს ამის გაკეთება. ვფიქრობ, რადგან ჩვენ აგვირჩიეს, ომი დასრულდება. ასევე, ვფიქრობ, ამ ადმინისტრაციას რომ არ მოეგო არჩევნები, ეს ომი გაგრძელდებოდა ძალიან დიდხანს“, – განაცხადა ტრამპმა.

შეკითხვაზე, რა დათმობებზე მოუწევს წასვლა რუსეთის პრეზიდენტს, ტრამპი აცხადებს, რომ „ახლა ამის თქმა არ სურს“.

ამასთან, ტრამპმა კომენტარი გააკეთა უკრაინის სურვილზე NATO-ში გაწევრების შესახებ და თქვა:

„თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ NATO შეგიძლიათ დაივიწყოთ. ვფიქრობ, ეს არის მიზეზი, რის გამოც ყველაფერი დაიწყო”.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი იმედს გამოთქვამს, რომ ბუნებრივ რესურსებზე აშშ-სთან თავდაპირველი შეთანხმება სხვა შეთანხმებებს დაუდებს საფუძველს – მისი თქმით, ამჟამინდელი ვერსია ითვალისწინებს ფონდის შექმნას, რომელსაც უკრაინა წიაღისეულის, ნავთობისა და გაზის მოპოვებიდან მომავალი შემოსავლების 50%-ს გამოყოფს. ზელენსკი აქვე მიუთითებს, რომ ზუსტ თანხებზე საუბარი, ჯერჯერობით, ნაადრევია.

ამასთან, ზელენსკი ადასტურებს, რომ არსებულ ვარიანტში არ არის ამერიკული გარანტიების შესახებ ჩანაწერი. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მისმა გუნდმა ამერიკულ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია, რომ უკრაინა ითხოვს, ამ შეთანხმებაში აღინიშნოს უსაფრთხოების გარანტიების მიმართ მხარდაჭერა, თუმცა საკითხზე კონკრეტული გადაწყვეტილებები, ამ ეტაპზე, არ არის მიღებული.

მისი თქმით, თუ პარასკევს თეთრ სახლში მისი ვიზიტი შედგება, იქნება ძალიან „პირდაპირი” და ამერიკულ მხარეს ჰკითხავს, გააგრძელებენ თუ არა უკრაინის მხარდაჭერას. რაც შეეხება კითხვას, შედგება თუ არა შეთანხმება იმ შემთხვევაში, თუ ტრამპი კიევისთვის სასურველ უსაფრთხოების გარანტიებს არ შესთავაზებს, ზელენსკი ამბობს, რომ უსაფრთხოების გარანტიების გარეშე არ იქნება ცეცხლის შეწყვეტა.